მთავარისაქართველო„ქართულმა ოცნებამ“ უკვე ორი მოსმენით მიიღო ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონპროექტი

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე ორი მოსმენით მიიღო ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონპროექტი

81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტის დარბაზის ეკრანზე ასახული კენჭისყრის ამ შედეგით „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი 4 სექტემბერს, მეორე მოსმენით, მიიღო. კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც 19 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, ინიციირების დღიდან აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. მათ მიაჩნიათ, რომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია.

პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა. მათ საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტი ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ გამოუცხადეს. კენჭისყრის პროცესამდე კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივ განხილვას მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატები ესწრებოდნენ.

მმართველი გუნდის განცხადებებს ჰომოფობიურად და პოპულისტურად აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი არა ოჯახური ღირებულებების დაცვა, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან ბევრი ქრისტიან-კონსერვატიული ამომრჩეველი. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ძალიან ბევრ ადამიანს. მათი პრობლემა არა ეს კონკრეტული თემებია, არამედ უმუშევრობა, კორუფცია, ეკონომიკური საკითხები, ემიგრაცია და ის იზოლაციის საფრთხე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, ძალიან მალე აღმოჩნდეს. ამიტომ, მე გთხოვთ, ვისაუბროთ რეალურ, სახალხო პრობლემებზე. „ქართული ოცნების“ პროპაგანდას არ ავყვებით არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

„ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ თემა, რომლის დღის წესრიგში დაყენებაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სურდა, უნდოდა ამ საკითხზე საარჩევნო კამპანია დაეფუძნებინა. ეს მცდელობა წყალში ჩაუვარდათ, ისევე როგორც ეკლესიასთან დაკავშირებული თემაც. ვხედავთ, როგორი გაკოტრებული საარჩევნო კამპანია აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს ე.წ „ლგბტ პროპაგანდის“ თემაც არის ამ გაკოტრებული კამპანიის ერთ-ერთი ელემენტი“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ 13 მუხლისგან შედგება და არეგულირებს ქორწინებას, შვილად აყვანას, მინდობით აღზრდას, სამედიცინო მანიპულაციებს, განათლებას, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის მითითებას, შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებას და სხვა საკითხებს. კანონის მიღების შემთხვევაში რეგულაციები შეეხება მედიასაშუალებებსაც. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მაუწყებლები ვალდებულნი იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. კანონპროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში.

კანონპროექტის ინიციირება „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის მაისში გადაწყვიტა, ხოლო საპარლამენტო დღის წესრიგში ის 10 ივნისს დაარეგისტრირა. მმართველი გუნდი კანონის მიღების აუცილებლობას ე.წ. „მზარდი ლგბტ პროპაგანდით“ ხსნის. „ქართულ ოცნებაში“ კვლავ მიაჩნიათ, რომ საფრთხეები დასავლეთიდან მოდის და „ფსევდოლიბერალური კამპანიის“ ნაწილია. ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ეს კანონი მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დრო ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

„ქართული საზოგადოებისგან ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ ის „თანამედროვე“, „ტრენდული“ დაავადება, პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია სულ ორ-სამ თაობაში მოახერხოს ის, რომელიც ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ქართული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერაა არჩეული, პირველ რიგში, აკეთებს აქცენტს იმაზე, თუ რა არის ღირებული ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვისწრაფვით ევროპულ ოჯახში. თუმცა ის, რაც შეეხება ჩვენს სარწმუნოებას, ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებულ საკითხებს, ტრადიციების პატივისცემას – ეს არის უმაღლეს რანგში ღირებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ.

საფრთხის შემცველს, არაკონსტიტუციურსა და არადემოკრატიულს უწოდებენ „ქართული ოცნების“ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები. ექსპერტების შეფასებით, ის გზა, რომელიც მმართველმა გუნდმა აირჩია მხოლოდ ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი. მსგავსი კანონები არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიიღეს რუსეთსა და უნგრეთში.

„აღმაშფოთებელია ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც თავად უნდა იყვნენ ქვეყანაში თანასწორობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულნი, ავრცელებენ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ და მცდარ ნარატივებს. ეს კიდევ უფრო ზრდის სტიგმატიზაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც ისედაც საკმაოდ მოწყვლად მდგომარეობაში არიან და, ფაქტობრივად, აქეზებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს“, – თქვა საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებების ანალიტიკოსმა თაზო კირტავამ.

სადავო კანონპროექტზე ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გააგრძელონ მისი განხილვა. თუმცა, ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი კანონის მიღებას სექტემბრის ბოლომდე, დაჩქარებული წესით მაინც გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend