რა ხდება რიკოთზე?! – ზაფხულის მიწურულს დედაქალაქისკენ მომავალი მოქალაქეები ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელში სწორედ ამ კითხვას სვამენ. და მაინც, რა ხდება რიკოთზე, სადაც საავტომობილო ხერგილი, განსაკუთრებით წვიმის დროს ხშირად რამდენიმე საათს გრძელდება.
ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემებს მშენებარე ავტობანს უკავშირებს. სოფელი ხევი, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 140 კილომეტრითაა დაშორებული რიკოთის ყველაზე რთული მონაკვეთის ცენტრში მდებარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ გეოლოგიურად ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესი ადგილია. დარგის ექსპერტები ჰყვებიან, რომ აქ იყო მიძინებული და აქტიური მეწყრული ზონები, რომლებიც ავტობანის მშენებლობამ კიდევ უფრო გააქტიურა. გეოლოგები აღნიშნავენ, რომ მათი უფრო აქტიური ჩართულობა მშენებლობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
„აქ იყო მეწყრები, მაგრამ ახალი მეწყრებიც ჩნდება, რაც გამოწვეულია როგორც ამ პროექტის განხორციელებით, ასევე იმ ბუნებრივი მოვლენების შედეგად, რომელიც მიმდინარეობს. სპეციალისტებმა რამდენჯერმე მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენი რეკომენდაციებიც გადავეცით“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ავტობანის მშენებლობისას დეტალურად შეისწავლეს საშიში ზონები, რომლებიც ყველაზე მეტად სწორედ ჩუმათელეთი-ხევის პირველ მონაკვეთზეა. სწორედ აქ, ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე მიწის მასა ჩამოდის. გაწმენდითი სამუშაოების დროს კი თუკი საცობში მდგარი ავტომობილიც გამოვიდა მწყობრიდან, მოძრაობა დიდი ხნით ფერხდება.
„სამშენებლო სამუშაოები რიკოთის პირველ მონაკვეთზე, შეიძლება ითქვას, არსებული გზის მონაკვეთში ხდება და ფაქტობრივად, სამშენებლო მოედანი არსებულ გზასთან ძალიან ახლოს არის. და ამიტომ, ბუნებრივია, გარკვეული შეფერხებები სტიქიური უბედურებების დროს, ძლიერი წვიმის დროს არის. როდესაც სრულად დასრულდება სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე და ამ პირველ მონაკვეთზეც, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ არანაირი შეფერხება არ იქნება“, – საუბრობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წიკლაური.
გადაადგილების შეფერხება ხილული პრობლემაა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ხილული პრობლემის მიღმა არსებულ უხილავ პრობლემებზეც საუბრობს. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ ამბობენ, რომ ეს პრობლემები უკავშირდება მდინარე რიკოთულას, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და მიწაყრილებს, რომლებსაც მომავალში შეუძლიათ პრობლემების შექმნა. თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ პროექტის მშენებლობის პროცესში არაერთი საერთაშორისო ექსპერტია ჩართული და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ სამშენებლო პროცესების დასრულების შემდეგ არც მგზავრებს და არც მოსახლეობას პრობლემები აღარ ექნებათ.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51 კილომეტრზე მეტი სიგრძის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება. გზა მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდსაც, აქედან მოძრაობა გახსნილია 79 ხიდსა და 44 გვირაბზე. დარჩენილ მონაკვეთებზე კი, სამუშაოები გრძელდება და ოფიციალური ინფორმაციით, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.