საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი დაპირისპირება 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
უკვე რამდენიმე დღეა, გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს და ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად გამართა მატჩისწინა პრესკონფერენცია, სადაც ხვალინდელი დაპირისპირების სირთულესა და ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
„ხვალ, ფაქტობრივად იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, ვინც ევროზე ითამაშა. აქედან გამომდინარე, ალბათ, მსგავსი თამაში იქნება, თუმცა ჩეხეთი ძალიან სპეციფიკურ ფეხბურთს თამაშობს და იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მათ წინააღმდეგ უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე გერმანიაში. რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა უკვე იციან, როგორ თამაშს უნდა ელოდონ ხვალ და ეს ჩვენთვის უპირატესობა იქნება. გვეცოდინება, რისი გაკეთება მოგვიწევს. ერთა ლიგა ახალი შეჯიბრია, ზოგიერთი გუნდისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და ამხანაგურებივით უდგებიან, თუმცა ჩვენი მიზანია, რეიტინგში წინ წავიწიოთ, უკეთეს გუნდებთან ვითამაშოთ და ჩვენი სათამაშო კლასი ავწიოთ, დავინახოთ, რამდენად მზად ვართ უფრო მაღალი მიზნებისთვის”, – უთხრა ჟურნალისტებს ვილი სანიოლმა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
„ვფიქრობ, რაღაც ისეთი გარემოა გულშემატკივრებში, ყველა კმაყოფილია და ხანდახან ასეთი კმაყოფილიც არ უნდა იყო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ევრო ჩავატარეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჯგუფი ძალიან რთული იქნება და ზედმეტად თავდაჯერებულებიც არ უნდა ვიყოთ. მსოფლიოზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი ბოლომდე უნდა ვაჩვენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, თუმცა მსოფლიომდე დიდი გზაა“, -თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ.
ხვალინდელი თამაში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც იქნება. მატჩის წინ ევრონიუს ჯორჯია ფრანგული მედიის, France TV-ის ჟურნალისტს გაესაუბრა, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და საკუთარ პროგნოზებზე ისაუბრა.
„ორივე გუნდი კარგად იცნობს ერთმანეთს, თუმცა ვილი სანიოლის პროფესიონალიზმის მჯერა. მას საოცარი ხედვა აქვს და თქვენთან ერთად ისტორიულ წარმატებასაც მიაღწია. თბილისში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო მოტივირებული იქნება და მჯერა, რომ ჩეხებს დაამარცხებენ. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე საოცარი პერფორმანსი გვაჩვენა. ფრანგი აუდიტორიისთვის თქვენი ნაკრები ნამდვილი აღმოჩენა იყო. ვფიქრობ, საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს”, – თქვა France TV-ის ჟურნალისტმა სუაჰილ ქაირიმ.