მთავარიევროპაუკრაინარუსეთის მორიგი იერიშების სამიზნე ისევ ხარკივია

რუსეთის მორიგი იერიშების სამიზნე ისევ ხარკივია

უკრაინის მსხვილი ქალაქები, დასახლებული პუნქტები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ რუსული რაკეტების მთავარი სამიზნეებია. საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკივს 24 ივლისს, გამთენიისას, შეუტიეს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზიდან შორს, საცხოვრებელ სახლებსა და სამრეწველო რაიონებზე, სადაც არც სამხედროები არიან გამაგრებულნი და არც საომარი ტექნიკაა განთავსებული. წინასწარი მონაცემებით, S-300 ტიპის რაკეტებით თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დამწვარი და დანგრეულია მიმდებარედ არსებული შენობები.

არავინ იცის, როდის დაეცემა დრონები და რაკეტები საავადმყოფოებს, სავაჭრო და სამრეწველო ობიექტებს, სკოლებს, ბაღებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს – ყველაფერს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

ქვეყნის მასშტაბით გახშირებული წერტილოვანი სარაკეტო დარტყმების გამო 23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ვერხოვნა რადას“ მიმართა, საომარი მდგომარეობისა და ზოგადი მობილიზაციის ვადის 12 აგვისტოდან კიდევ 90 დღით გახანგრძლივების ინიციატივით. ამ ნაბიჯის გადადგმა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკვე მეთერთმეტედ უწევს. კიევის ამ იძულებით ქმედებასთან ერთად მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს და როგორც კრემლში ამბობენ, უკრაინის ინიციატივას ელოდება.

„ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი არასდროს ამბობდა უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ჩვენ ყოველთვის გახსნილები ვიყავით ამ პროცესისთვის. აქ მნიშვნელოვანია დეტალები, რომლებიც ჯერ არ ვიცით. მეტ განმარტებას დაველოდებით“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

აქტიური იერიშების პარალელურად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. აზიური სახელმწიფო რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოკავშირედ ითვლება, რომელსაც უკრაინაში მოსკოვის აგრესიასთან დაკავშირებით უკვე ორ წელიწადზე მეტია, შუალედური პოზიცია აქვს, თუმცა აქტიური სამხედრო მოქმედებების დასრულების მომხრეა.

„კრიზისი უკრაინაში უკვე მესამე წელია გრძელდება და ჯერ კიდევ დიდია ესკალაციის რისკი. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა კონფლიქტის მოგვარების საბოლოო გზა არის მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ გაერთიანება და ყველა შესაძლო პოლიტიკური არხის გამოყენება. ბოლო დროს სამშვიდობო მოლაპარაკებების მზაობა როგორც რუსეთმა, ისე უკრაინამ გამოთქვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯისთვის ჯერჯერობით მაინც არც ერთია მზად, მხარს ვუჭერთ ყველა სახის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველსაყოფად და, რომელიც კონსტრუქციულ როლს ითამაშებს ომის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. ჩინეთი ყურადღებით აკვირდება ჰუმანიტარულ სიტუაციას უკრაინაში და მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მომარაგებას ყველა საჭირო ჰუმანიტარული ტვირთით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინიმ, ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ომის დაწყების შემდეგ ჩინეთს პირველად ეწვივნენ. ისინი ხვდებიან ყველა მხარეს, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ ომში მყოფ ქვეყანას. ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები და უკრაინის მთავარი პარტნიორები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მუდმივად აცხადებენ, რომ ომი რუსეთის შეთავაზებული პირობებით ვერ დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend