მთავარიაზიაღაზაისრაელმა ჰუმანიტარულ ზონად გამოცხადებული ქალაქი ალ-მავასი დაბომბა

ისრაელმა ჰუმანიტარულ ზონად გამოცხადებული ქალაქი ალ-მავასი დაბომბა

სამხრეთ ღაზის სექტორზე ისრაელის ბოლო თავდასხმებმა იძულებით გადაადგილებულები თავშესაფრის გარეშე დატოვა. ჰუმანიტარულ ზონად გამოცხადებული ქალაქი ალ-მავასი, რომელიც ხან იუნისის დასავლეთით მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმის სამიზნე გახდა. დაშავდა ათობით და გარდაიცვალა სულ ცოტა 86 პალესტინელი.

ცენტრალურ ღაზაში დაზიანდა ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში არსებული გაეროს სკოლაც. ეს ბოლო 10 დღის განმავლობაში მეექვსე სკოლაა, რომელზეც ისრაელმა იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ორივე თავდასხმა „ჰამასის” ერთ-ერთი მეთაურის მოჰამედ დეიფის ლიკვიდაციას ემსახურებოდა. ამ დრომდე დეიფის მდგომარეობა ცნობილი არ არის, თუმცა ისრაელის მხარი იუწყება, რომ „ჰამასის” ერთ-ერთი უფროსი მეთაური მოკლეს.

„გვითხრეს, რომ ეს უსაფრთხო ადგილი იყო, მაგრამ საუზმის დროს უცებ დაბომბვის ხმა გავიგეთ და კარავი თავზე დაგვემხო. გარშემო სულ გვამებია. სად არის უსაფრთხოება… გვითხრეს, რომ ალ-მავასიში წავსულიყავით, უსაფრთხოაო… სად არის უსაფრთხოება? სასწრაფოდ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, დავიღალეთ“, – ამბობს 15 წლის ბაჰა.

6 წლის საფას თქმით, „კარავში ვთამაშობდით, შემდეგ უცებ მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს და ბებიაჩემმა გარეთ გაგვიყვანა“.

„დავინახე, როგორ დაფრინავდნენ რაკეტები“, – ამბობს 7 წლის ქრამი.

ისრაელი „ჰამასს“ სამოქალაქო შენობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს. ისრაელსა და „ჰამასს” შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან ღაზის სექტორში დაახლოებით 1 900 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 90%. მათი ნახევარი არასრულწლოვანია. მათ არ აქვთ წვდომა წყალზე, საკვებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე.

ისრაელის დაბომბვის შედეგად ჩამონგრეული შენობები, ღაზის სექტორი, 8 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Leo Correa

ისრაელმა ღაზაში ომი 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. მაშინ „ჰამასის” თავდასხმას 1500-ამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ხოლო, ღაზის სექტორში ისრაელის იერიშებს ამ დრომდე 39 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend