მთავარიაზიაღაზაჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკიდან აღარაფერი დარჩა

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკიდან აღარაფერი დარჩა

ღაზაში ვითარება კვლავ ძალიან რთულია, თავდასხმების შედეგად თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან ბავშვები და არა მხოლოდ… ისრაელიდან თავს დაესხნენ ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკს, რის შედეგადაც ბევრი გარდაიცვალა და დაშავდა. კლინიკებში ვითარება უკიდურესად მძიმეა, დერეფნებშიც პაციენტები არიან… მათი დიდი ნაწილი იატაკზე წევს და იქვე მკურნალობენ, რადგან საავადმყოფოებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობით საწოლები. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სახმელეთო შეტევებისა და დაბომბვის შედეგად ღაზაში 38 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 88 ათასაზე მეტი დაიჭრა.

ოთხი ბავშვი დაშავდა ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, მათ სხვადასხვა დაზიანება აქვთ და ოჯახის წევრებს ალ-აქსას საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ კლინიკაში იმაზე ბევრად მეტი პაციენტი ჰყავთ, ვიდრე რესურსი აქვთ მათ. ყველას იღებენ და ცდილობენ თითოეულს დაეხმარონ. აქ ბევრ პაციენტს ნახავთ იატაკზე: დაჭრილებს, დაშავებულებს, ზრდასრულებს თუ ბავშვებს ერთმანეთის გვერდიგვერდ.

ბავშვებთან ერთად თავდასხმის შედეგად დაშავდნენ ზრდასრულებიც. მიუხედავად იმისა, რომ ღაზის საავადმყოფოებში ადგილები უკვე დიდი ხანია აღარ არის, ექიმები სასწრაფოს მანქანებითა და შიგნით დაშავებული პაციენტებით ისევ კლინიკებთან მიდიან. სასწრაფო დახმარების გუნდი ძალიან ჩქარობს… სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაშავებულთათვის დახმარების დროული აღმოჩენა.

„დღეს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, 70-ზე მეტი გარდაცვლილი და 300-ზე მეტი დაშავებული – ეს არის ის, რაც ამ თავდასხმის შედეგად მივიღეთ. კლინიკაში დაბნეულობაა, სამედიცინო პერსონალი ცდილობს ყველას დაეხმაროს, თუმცა ეს ძალიან რთულია. საქმეს განსაკუთრებით გვირთულებს ის ფაქტი, რომ მარაგები იწურება, ყოველდღე ასეთ რეჟიმში მუშაობის გამო ვერ ვასწრებთ მარაგების შევსებას. ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულ პაციენტს, თითოეულ მოქალაქეს დავეხმაროთ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს ძალებს აღემატება“, – ამბობს ოსამა აბუ ობაიდი, სამედიცინო კომპლექსის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

იმავე კლინიკაში გადაასვენეს ცხედრებიც, იმ ადამიანების, ვინც ვერ გადაურჩა ომს, მათ შორის ბევრი ქალი და ბევრი ბავშვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ღაზაში არიან და პაციენტების ნაკადით უკიდურესად გადატვირთული საავადმყოფოებისა და ექიმების დახმარებას ცდილობენ.

„დღეს დილით მომხდარ თავდასხმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმიდან მალევე ჩვენ აქ მოვედით, რათა გავიგოთ, რა სჭირდებათ ექიმებს იმისთვის, რომ დაშავებულები გადაარჩინონ. საწოლების დეფიციტია და მათ სასწრაფოდ მივაწვდით 50 საწოლსა და ამავე რაოდენობით საკაცეს. უახლოეს დღეებში კიდევ გავზრდით საწოლების რაოდენობას, მანამდე კი ვეხმარებით ნაკლებად დაშავებულების საველე ჰოსპიტლებში გადაყვანაში“, – ამბობს მურად აბედი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიცერი.

თვეების განმავლობაში თავდასხმის შემდეგ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკიდან აღარაფერი დარჩა. ნანგრევების ქვეშ ისევ რჩებიან ადამიანები, ისინი, ვინც ვერ გადაარჩინეს. ისრაელმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააძლიერა თავდასხმა ამ ბანაკზე, ამბობდნენ, რომ მათი ინფორმაციით, სწორედ ლტოლვილთა ბანაკში იმალებოდნენ „ჰამასის” წევრები.

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი დაბომბვის შემდეგ, 18 მაისი, 2024 წელი Copyright Reuters, Rami Zohod

„25 წელი ვმუშაობდით სახლის ასაშენებლად, მოვდივართ, და ვხედავთ, რომ სახლი მიწასთანაა გასწორებული. სამი სართულიდან აღარაფერი დაგვრჩა. ცხოვრების, წლების შრომა უბრალოდ გაქრა. აღარც სიცოცხლე დარჩა, არც ფული, არც ბავშვები, აქ არაფერი აღარ არის. ყველანი ქუჩაში ვართ. აი, როგორც ხედავთ, ქუჩაში დაგვყარეს“, – ამბობს ბაზელ რადვანი, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები.

ნანგრევებში უკვე ყოფილი მაცხოვრებლები თითქმის ყოველდღე მიდიან და საკუთარ ნივთებს ეძებენ. ერთ-ერთი დანგრეული შენობის ნაწილზე კი, გრაფიტი ჩანს. ქალი დახატეს, გარდაცვლილი ბავშვით ხელში… „შეაჩერე ომი” – ეს სიტყვები წერია ოდესღაც ვიღაცის სახლის კედელზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend