მთავარისაქართველოკვლევა - „ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში“

კვლევა – „ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში“

„ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში“ – ასე ჰქვია, თითქმის, ორწლიანი კვლევის შედეგებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ, „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტმა (DRI)”, აწარმოვა. კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციის მკვლევრები სწავლობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკას. აკვირდებოდნენ მთავრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ სოციალური ქსელის გვერდის აქტივობას, განსაკუთრებით გენდერის ნიშნით ქალთა მიმართ გამოყენებული ლექსიკის მიმართულებით. ანგარიშში წერია, რომ მმართველმა პარტიამ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკა სრულად გადაიბარა და ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ალტ-ინფოს“ ენით ესაუბრებიან საზოგადოებას.

„დღეს „ქართული ოცნება“ გველაპარაკება იმ რიტორიკით, იმ სიტყვებით, იმ ფრაზეოლოგიით, იმ გზავნილებით, რითაც გველაპარაკებოდა, მაგალითად, ალტ-ინფო ან სხვა ულტრამემარჯვენე რადიკალური პრორუსული ჯგუფები. ამ კვლევის ფარგლებში ჩვენ განსაკუთრებით ვაკვირდებოდით, ქალების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს, რომლებსაც არა ცალკეული, არამედ კამპანიის სახე აქვს. ეს თავდასხმები უკავშირდება გამოგონილ, ფსევდოღირებულებებს. ამაში აქტიურად მონაწილეობს როგორც სახელისუფლებო მედია, ისე სოციალური ქსელების გვერდებიც. ერთდროულად აზიარებენ და უშვებენ ეთერში ერთნაირ მასალას, რომელიც მიმართულია აქტიურ ქალთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი ქალ პოლიტიკოსთა წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ თავის სატელიტებთან ერთად ერთდროულად ესხმის ხოლმე თავს მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქალებს. აკრიტიკებენ გენდერული, ფიზიკური, ოჯახური, პროფესიული თუ სხვა სოციალური ნიშნით. ამ კვლევაში გვაქვს რეკომენდაციებიც, თუმცა არა მგონია მმართველმა პარტიამ ისინი გაითვალისწინოს, რადგან მათი ეს კამპანია მიზანმიმართულია“, – აცხადებს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი თამარ ხიდაშელი.

ანგარიშის წარდგენას პოლიტიკოსებიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დაესწრნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების გამოკვეთილი რიტორიკა და კამპანია გენდერის ნიშნით ზოგადად აქტიურ ქალთა და ქალ პოლიტიკოსთა წინააღმდეგ ავტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. მიზანი კი მათი თქმით, აქტიური ქალების პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებაა.

ევრონიუსთან საუბარში პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მოქმედებს ულტრაკონსერვატიული იდეოლოგიით, რომელსაც აგრესიულად ავითარებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების” ამოცანა არის გაემიჯნოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფასეულობებს და ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოში არის“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ მმართველი გუნდის სურვილია საქართველო იმ ქვეყნების რიგში გადაიყვანოს, სადაც ქვეყანა არასდროს არ ყოფილა.

კიდევ ერთი ქალი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, „გაგუდოს“ ქალთა აქტიურობა პარლამენტში.

„ჩვენ გვახსოვს კვოტირების კანონის გაუქმება, გვახსოვს იმ მძიმე ენა, რომელიც გამოყენებულია ქალების მიმართ, მათ შორის ფიზიკური ძალადობაც ქალებზე“,-აცხადებს ხატია დეკანოიძე და განმარტავს, რომ ეს არის ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება, რომლის გამოსწორებაც მხოლოდ ხელისუფლების შეცვლითაა შესაძლებელი.

თვრამეტთვიანი დაკვირვების შედეგად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” კვლევაში ხაზგასმულია ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სექსისტური და ჰომოფობიური გამონათქვამები, ასევე სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე. აღწერილია ანტიგენდერული საკანონმდებლო ინიციატივები და შესაბამისი მედიაკამპანიები, რომლებშიც სახელისუფლებო მედია აქტიურადაა ჩართული. ანგარიშის დასკვნით ნაწილში მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულების არანაირი მოლოდინი ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ აქვთ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend