მთავარიევროპასლოვაკეთისლოვაკეთის ვიცე-პრემიერის თქმით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის თქმით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ რობერტ კალინიაკმა საზოგადოებას განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს განხორციელებული თავდასხმის გამო ჯანმრთელობის პრობლემები მუდმივად შეაწუხებს. რობერტ ფიცო ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს უკვე სახლში გადის.

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის თქმით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, თუმცა დასძენს, რომ პრობლემები საბოლოოდ ვერ მოგვარდება. როგორც ცნობილია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მაისში მუცლის არეში დაჭრეს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

პრემიერ-მინისტრის მოადგილე რობერტ კალინიაკის თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შემდეგ ის ორგანოები ვეღარ მუშაობს ისე, როგორც 17 თუ 30 წლის ასაკში. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დატვირთვით შეძლოს მუშაობის გაგრძელება. ამ ნაბიჯთან ისინი ახლოს არიან. თუმცა დასძენს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მუდმივად ექნება, რადგან ძვალ-კუნთოვანი სისტემაა დაზიანებული.

სლოვაკეთის პოპულისტ პრემიერ-მინისტრს 15 მაისს ახლო მანძილიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც იგი მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ მხარდამჭერებს ესალმებოდა.

თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიდის ფიცო ბარიკადებთან მყოფ მოქალაქეებთან ხელის ჩამოსართმევად. ამ დროს ერთ-ერთმა მამაკაცმა წინ გადმოდგა ნაბიჯი. სანამ პოლიცია შეაჩერებდა, მან 5-ჯერ გაისროლა პრემიერ-მინისტრის მიმართულებით.

ფიცოს მრავლობითი ჭრილობების დასამუშავებლად სასწრაფოდ ჩაუტარდა ხუთსაათიანი ოპერაცია. ორი დღის შემდეგ მას კვლავ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, რათა ექიმებს დაზიანებული ქსოვილი ამოეღოთ.

მაისის ბოლოს რობერტ ფიცო ბანსკა-ბისტრიცის საავადმყოფოდან დედაქალაქ ბრატისლავაში გადაიყვანეს. მან მკურნალობა სახლში გააგრძელა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend