რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანის სანაპიროზე ბრაზილიელი ქალები აბორტის შესახებ კანონს აპროტესტებენ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, თუ ქალი ორსულობის შეწყვეტას 22 კვირის შემდეგ გადაწყვეტს, მას შესაძლოა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
კონსერვატორების მიერ შემოთავაზებული და საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში კენჭისყრისთვის წარდგენილი კანონპროექტი ვრცელდება გაუპატიურების შემთხვევებზეც და ითვალისწინებს სასჯელის გაზრდას 30 წლამდე.
კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ქალები, რომლებიც ორსულობის გვიან პერიოდში ეძებენ აბორტის გაკეთების გზებს, გაუპატიურების მსხვერპლნი არიან. კანონში ცვლილებების მომხრეები აღნიშნავენ, რომ ის არასრულწლოვანებზე არ იმოქმედებს.
ბრაზილიაში აბორტი ლეგალურია მხოლოდ გაუპატიურების შემთხვევაში და იმ დროს, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან როდესაც ნაყოფი არ ვითარდება. ამჟამად, ამ გამონაკლისების გარდა, ბრაზილიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქალებს, რომლებიც ორსულობას წყვეტენ, ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი გაიზრდება ექვსიდან 20 წლამდე, თუ ქალი აბორტს 22 კვირის შემდეგ გაიკეთებს. ექსპერტები ამბობენ, რომ დაგვიანებული აბორტი ჯანდაცვის სფეროში არსებულ უთანასწორობას ასახავს.
კანონის მოწინააღმდეგეების განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ბავშვები, ღარიბი ქალები, ფერადკანიანი ქალები და სოფლად მცხოვრებნი. გამოხმაურებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი მრავალი საპროტესტო აქციის გამო ამ კანონპროექტის კენჭისყრა მომავალ წლამდე არ იგეგმება.