მთავარისაქართველოLEADx სამიტი თბილისში

LEADx სამიტი თბილისში

რეგიონში არსებული გამოწვევების გაანალიზებისა და პრობლემების გადაჭრის გზების განხილვისთვის თბილისში LEADx-ის სამიტზე წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტები შეიკრიბნენ. არაერთი დარგის პროფესიონალები საქართველოს დედაქალაქში მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, დეზინფორმაციაზე, მედიის თავისუფლებასა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობისთვის ჩამოვიდნენ.

წელს სამიტს ისეთი კომპანიებისა თუ მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორებიცაა: Microsoft, Google, TikTok, BBC და The New York Times.

„ბევრი პანელი, ბევრი დისკუსია, ბევრი მონოლოგი, ბევრი პრაქტიკული კომპონენტია LEADx-ში, რათა ეს არ იყოს მხოლოდ საუბარი. ნებისმიერი სახის წვლილი სასარგებლო უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევებს, საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც აქვს საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოს, ვუპასუხებთ“, – ამბობს ზვიად აძინბაია, LEADx-ის თანადამფუძნებელი.

სამიტის სპიკერებმა ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც.

„ჩვენი პარტნიორები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ყველანაირად ჩვენ გვერდით იდგნენ და გვეხმარებოდნენ, იმედგაცრუებულები არიან იმით, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. გასაგებია, რომ სანქციები გაღრმავდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეყოფათ გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა და ამ სანქციებს არ გაავრცელებენ საქართველოს მოქალაქეებზე“, – აღნიშნა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„ვფიქრობ, ძალიან აშკარაა, რომ ეს კანონი გავლენას იქონიებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე. ვფიქრობ, ეს ამერიკის შეერთებული შტატების პასუხიდანაც ჩანს. ელჩმა გუშინ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აისახება ეს საქართველოს შტატებთან ურთიერთობაზე“, – აღნიშნა „ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელმა ლაურა ლინდერმანმა.

სამიტს ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც, მათ შორის, „რადიო თავისუფლების“ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელი ანდრეს ილვესი და ცნობილი ბრიტანული გამოცემის, „გარდიანის“, კორესპონდენტი პიოტრ საუერი. მათ დეზინფორმაციის გავლენასა და მედიის თავისუფლებაზე ისაუბრეს.

„აქ ერთმანეთისგან განსხვავებული სპიკერები და მრავალფეროვანი აუდიტორიაა. ისმის განსხვავებული მოსაზრებები და ვხედავთ თავისუფალ აზროვნებას. ვფიქრობ, საქართველო ყოველთვის იყო ამგვარი დებატების ადგილი და მიხარია, რომ ეს გრძელდება“, – განაცხადა The Guardian-ის კორესპონდენტმა პიოტრ საუერმა.

„ბევრი რამ, რაზეც ახლა საქართველოში საუბრობენ, არის ის, რაც მსოფლიოს აინტერესებს და რასაც ყურადღებით აკვირდებიან. კონფერენციის აქ ჩატარება ძალიან სწორია. ამ საერთაშორისო კონფერენციაზე მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ. იმ ადამიანების ცოდნითა და გამოცდილებით, რომელთაც აქ შევხვდი, გაოგნებული ვარ. ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიებაა“, – თქვა „რადიო თავისუფლების“ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრეს ილვესმა.

LEADx საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა“ და „ფლეჩერის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სკოლის პარტნიორობით შეიქმნა. წელს LEADx-ის სამიტი მეხუთედ ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend