მთავარიევროპაუნგრეთივიქტორ ორბანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე ევროკავშირის ყველაზე დიდ ჯგუფს შეუერთდა

ვიქტორ ორბანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე ევროკავშირის ყველაზე დიდ ჯგუფს შეუერთდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე პიტერ მაგიარი ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებულ „ევროპის სახალხო პარტიას” შეუერთდა. 2021 წლამდე ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის რიგებში ვიქტორ ორბანის „ფიდესიც” მოიაზრებოდა.
პიტერ მაგიარი, ვიქტორ ორბანის პარტიის ყოფილი წევრი, 2024 წლის დასაწყისში წარდგა საზოგადოების წინაშე და დაგმო „მაფიოზური“ რეჟიმი. იგი ხმამაღლა საუბრობს ქვეყანაში არსებული კორუფციისა და სახელმწიფო პროპაგანდის შესახებ. ევროპარლამენტის არჩევნებში კი მისმა პარტიამ „პატივისცემა და თავისუფლებამ“ (TISZA) უნგრელი ამომრჩევლის ხმათა 30% მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ფიდესი“ კვლავ უმსხვილეს პარტიად დარჩა, მათ ხმების ნახევარზე ნაკლები (44,8%) დააგროვეს. ეს „ფიდესისთვის“ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპარლამენტის არჩევნებში 2010 წლის შემდეგ.
„ვამაყობ, რომ ჩვენი გზა ევროპარლამენტის ყველაზე დიდ ჯგუფამდე „ევროპის სახალხო პარტიამდე“ მივიდა. ჩვენ აქ შევძლებთ უნგრეთის მოქალაქეების ინტერესები წარმოვადგინოთ. ორბანს ამის იღბალი არ ჰქონია“, – განაცხადა პიტერ მაგიარმა.
ვიქტორ ორბანის პარტია ამჟამად ევროპარლამენტის არცერთ ჯგუფს არ შეერთებია, შესაბამისად, მისი პარტიისა და კანონმდებლების უფლებამოსილება მეტ-ნაკლებად შეზღუდულია.
მიუხედავად პიტერ მაგიარსა და ვიქტორ ორბანს შორის არსებული დაპირისპირებისა, ორივე პოლიტიკოსი ღრმად კონსერვატიულია და რიგ საკითხებზე მათი შეხედულებები ემთხვევა.
„პუტინი აგრესორია. უკრაინა მსხვერპლია. უკრაინელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორია. თუმცა ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის პოზიციას. უნგრეთიდან არ გავგზავნით ჯარს ან იარაღს უკრაინაში“, – ამბობს ვიქტორ ორბანის ყოფილი მოკავშირე პიტერ მაგიარი.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ არაერთხელ განმარტა, რომ მათი ნებისმიერი პარტნიორი, რომ არაფერი ვთქვათ ჯგუფის წევრებზე, ურყევად პროუკრაინული უნდა იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend