24 წლის შემდეგ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში კვლავ ჩავიდა ტოტალიტარულ ქვეყანასთან პარტნიორობის გასაღრმავებლად. ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი აფასებს ჩრდილოეთ კორეის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინაში ე.წ. რუსული სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას.
ორი ქვეყნის ლიდერმა გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას თავდასხმის შემთხვევაში. კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებით ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობები ფაქტობრივად ალიანსში გადაიზარდა.
ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამების გამო ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მძიმე ეკონომიკური სანქციები აქვს დაკისრებული. უკრაინაში ომის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო კი რუსეთზე მეორე წელია ვრცელდება დასავლეთის სანქციები.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანმიმდევრულ და უცვლელ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის უკრაინის მიმართ. გმადლობ, რომ გვიერთდებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების იმპერიალისტური ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – უთხრა პუტინმა კიმ ჩენ ინს.
ფხენიანში ვიზიტისას პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა შეიმუშავებენ სავაჭრო გადახდის ახალ სისტემას, რომელსაც დასავლეთი ვერ გააკონტროლებს. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ამ ნაბიჯით ისინი ორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს დაუპირისპირდებიან. პუტინმა თქვა, რომ ქვეყნები ასევე გააფართოებენ თანამშრომლობას ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აფასებს იმ როლსა და მისიას, რომელსაც ძლიერი რუსეთის ფედერაცია ემსახურება მსოფლიოს სტრატეგიული სტაბილურობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, – თქვა კიმ ჩენ ინმა.
პუტინმა და კიმ ჩენ ინმა საჩუქრებიც გაცვალეს. რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უკვე მეორედ აჩუქა აურუსის მანქანა. უკვე ცნობილია, რომ რუსეთის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის შემდეგ 20 ივნისს ვიეტნამში გაემგზავრება.