მთავარიმსოფლიოევროპასაბერძნეთსა და რუმინეთში ძლიერი სიცხეა, ხოლო ბულგარეთსა და ესპანეთში უხვი ნალექი მოვიდა

საბერძნეთსა და რუმინეთში ძლიერი სიცხეა, ხოლო ბულგარეთსა და ესპანეთში უხვი ნალექი მოვიდა

საბერძნეთში ისევ მაღალი ტემპერატურაა, ზოგიერთ ადგილას  40 გრადუსსაც კი აჭარბებს. ხანძრების გაჩენის ალბათობის გამო  სახანძრო სამსახურები და სამხედროები არიან მობილიზებული. 

პოტენციურად რისკის შემცველ არეალს მუდმივად დრონებით აკვირდებიან.  ტყის ხანძრების გაჩენის საფრთხე განსაკუთრებით ხუთ რეგიონს ემუქრება. სკოლებში ამ დრომდე შეჩერებულია სწავლის პროცესი, ათენში დაკეტილია ტურისტული ობიექტები, საჯარო მოხელეები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები კვლავ დისტანციურად მუშაობენ.

ბულგარეთის ნაწილში კი კოკისპირული წვიმა და სეტყვა მოვიდა, რამაც ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

კაკლისხელა სეტყვამ მოქალაქეებს მანქანები დაუზიანა. ზოგიერთ რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მოსავალსა და ხეხილის ბაღებს. დაიტბორა ეზოები. საბედნიეროდ, გარდაცვლილთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

რუმინეთშიც წლის ამ დროისთვის ჩვეულებრივზე ბევრად მაღალი ტემპერატურაა, რაც მოქალაქეებში დისკომფორტს იწვევს.

ტემპერატურის მატებასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა კონდიციონერებზეც. მეტეოროლოგები მოსახლეობას გრილ ადგილას ყოფნას ურჩევენ. ქვეყანაში   განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული.

ესპანეთში კი, კერძოდ, მურსიაში, ძლიერი შტორმის გამო ქუჩებია დატბორილი, დაზიანებულია გარე განათების ბოძები, სკოლები, სპორტული დაწესებულებები, შუქნიშნები და მუნიციპალური შენობები.

ქარიშხლის სიძლიერის მიუხედავად, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ადგილობრივი  მედია აცხადებს, რომ, წინა სტიქიურ მოვლენასთან შედარებით, მატერიალური ზარალი უფრო ნაკლები იყო, რადგან საფრთხის შემცველი არეალიდან დროულად გაიყვანეს  სატრანსპორტო საშუალებები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend