მთავარიაზიაირანივერტმფრენის ჩამოვარდნას ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ემსხვერპლა

ვერტმფრენის ჩამოვარდნას ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ემსხვერპლა

ირანის ხელისუფლებამ ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.

ირანული მედიის ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ  7 ადამიანი. პრეზიდენტთან ერთად თავრიზისკენ მიფრინავდნენ ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი გენერალი მალეკ რაჰმათი. ვერტმფრენის ბორტზე იყვნენ პრეზიდენტის დაცვის უფროსი სარდარ საიედ მეჰდი მუსავი, დაცვის წევრები და ვერტმფრენის ეკიპაჟი.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ, 19 მაისს  ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა.  ირანის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან, სადაც იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ალიევთან, ერთად ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის ადგილამდე დღეს, 20 მაისს, მიაღწიეს.

ირანული მედია იტყობინება, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და  პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ირანის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა.

მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და დასძინა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს.

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანხმობის შემთხვევაში, იბრაჰიმ რაისის ნაცვლად, დროებით პრეზიდენტად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend