აშშ-ის სანქციების შედეგად ირანში მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად იზრდება. ირანის მოსახლეობას გარკვეული სამკურნალო საშუალებების შოვნა უჭირს. ბლოკადითა და გამკაცრებული სანქციების მეშვეობით აშშ ირანსა და მის ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე ზეწოლას აძლიერებს. ზოგიერთი მედიკამენტის ფასი გასამმაგდა, რაც ირანელების ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ფარმაცეპტები ამბობენ, რომ ამერიკულმა სანქციებმა მთელ სამედიცინო ინდუსტრიაზე იქონია გავლენა.
„რა თქმა უნდა, რადგან სანქციებმა ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. სანქციებს პირდაპირი გავლენა აქვს ჯანდაცვაზე, მედიკამენტებსა და ზოგადად ამ სფეროზე. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ჩვენს პაციენტებს მედიკამენტების მიღებისას სერიოზული სირთულეები ექმნებათ. მათთვის პრობლემა არა მხოლოდ მედიკამენტების დეფიციტია, არამედ ხელმისაწვდომი მედიკამენტების მაღალი ღირებულებაც. სიმართლე გითხრათ, ფასები 100%-ზე ბევრად მეტად გაიზარდა. თითქმის ყველაფრის ფასმა მოიმატა. ზოგ შემთხვევაში გაორმაგდა, ან ოთხჯერ, ექვსჯერაც კი გაიზარდა. ეს მხოლოდ ფარმაცევტულ პროდუქტებს არ ეხება; იგივე მდგომარეობაა კოსმეტიკის, პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და პრაქტიკულად ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, რომელთა წარმოებაშიც პლასტმასა, ქიმიური ან სამრეწველო მასალები გამოიყენება“, - ამბობს ფარმაცეპი, მინა მოჰამადიანი.
ფასები მკვეთრად გაიზარდა საკვებსა და სხვა პროდუქტებზეც. ამერიკული სანქციების შედეგად ირანის ვალუტამ, რომელმაც ამ კვირაში რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, ღირებულების ნახევარი დაკარგა. ამ ყველაფრის ფონზე კი იმატა უმუშევრობის მაჩვენებელმაც.
„სიმართლე გითხრათ, ომის დაწყების შემდეგ მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. პირველ რიგში, ბევრი პროდუქტის შოვნა გართულდა. თუ იშოვი, ფასებია წარმოუდგენლად მაღალი. სამწუხაროდ, ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად, დაახლოებით სამი თვის წინ 750 000 რიალად მალამო ვიყიდე. ერთ კვირაში კი მისი ფასი 3 250 000 რიალამდე გაიზარდა. ეს უბრალოდ ანთების სამკურნალო მალამო იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს ყველაფერი საითკენ მიდის“, - ამბობს ადგილობრივი, ალი ფალაჰი.
ირანის ფარმაცევტული ინდუსტრია ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ბლოკადა და სანქციები მასზე განსაკუთრებით მოქმედებს. ჯერჯერობით ირანის საავადმყოფოებში მედიკამენტების მნიშვნელოვანი დეფიციტი ნაკლებად შეინიშნება, თუმცა აფთიაქებში განსხვავებული მდგომარეობაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ირანი მედიკამენტების 80%-ზე მეტს ადგილობრივად აწარმოებს, თუმცა ამ მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებული ნედლეულით მზადდება.
ამ ნედლეულის ირანში შეტანა კი საგრძნობლად გართულდა და გაძვირდა. ირანს საჭირო ნედლეულის ქვეყანაში შეტანა უფრო ძვირადღირებულ საჰაერო მარშრუტების გავლით უწევს. თუმცა დაბრკოლება ამ გზასაც შეექმნა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის რამდენიმე ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა.
