კატეგორიები

ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, თუმცა კონკრეტული დათქმებით

ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, თუმცა კონკრეტული დათქმებით
ირანელი ოფიციალური პირების თქმით, თეირანი მზად არის და შეუძლია ჰორმუზის სრუტის გახსნა 7 დღის ვადაში, თუკი შეერთებული შტატები შეამსუბუქებენ რეგიონში არსებულ სამხედრო წნეხს და მოხსნიან ირანულ პორტებზე დაწესებულ ბლოკადას.

მაღალჩინოსნის განმარტებით, გაეროს გენერალური ასამბლეა არის ბრწყინვალე შესაძლებლობა ამერიკული მხარისთვის, მიუბრუნდეს დიპლომატიას. მანვე დასძინა, რომ თეირანი მიესალმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვაშინგტონი გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ისლამური ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები, სადაც მან შეერთებული შტატები დაადანაშაულა რამდენიმე თვის წინ გაფორმებული „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ პირობების დარღვევაში.

„ჩვენ არაერთხელ დავმსხდარვართ მოლაპარაკების მაგიდასთან. ერთად არაერთ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. მიუხედავად იმ შეთანხმებებისა, რომლებიც ჩვენ ერთად გავაფორმეთ, სამწუხაროდ, მთელმა მსოფლიომ ნახა, რამდენად მარტივად დაარღვიეს მათ აღებული ვალდებულებები.

თუ გვინდა უსაფრთხო მსოფლიო, თუ გვინდა მშვიდობითა და სტაბილურობით სავსე სამყარო, მაშინ მათ პატივი უნდა სცენ ყველა ადამიანის, ყველა ერისა და ამ პლანეტაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებებს. მათ არ შეუძლიათ ძალის გამოყენებით ადამიანების დამორჩილება.

ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ყველა შესაძლო გზა გადაკეტონ და ჩვენი ერი და ხალხი იძულებული გახადონ, დანებდეს, რადგან ამის მიღწევა სამხედრო გზით ვერ შეძლეს.

ახლა ისინი ცდილობენ, ყველგან, სადაც კი შეუძლიათ, სირთულეები შექმნან და არაფერზე იხევენ უკან. ისინი კეტავენ გზებს, წყვეტენ საჰაერო მიმოსვლას, ბლოკავენ სახმელეთო მარშრუტებს და ცდილობენ, ქვეყანაში შიდა დაპირისპირება გააღვივონ“, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა, ირანის პრეზიდენტმა.

თუმცა, ამ ფონზე თეირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება. შტატების ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის თქმით, ირანული ავიაკომპანიები აქამდე „უპრეცედენტო შეზღუდვებს“ დაექვემდებარებიან და ვეღარ შეძლებენ ოპერირებას მსოფლიოს მასშტაბით.

„როგორ გავაკეთებთ ამას? თუ ისინი დაეშვებიან, თქვენ ვერ მიაწვდით მათ საწვავს, ვერ გაუწევთ სახმელეთო მომსახურებას, ვერ მიჰყიდით ბილეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოლარის სისტემიდან გაგთიშავენ.

რასაც აქ ვხედავთ, ისაა,  რომ გამოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც მათ ამ ყველაფრის განხორციელებაში ეხმარებიან. ვიცით, ვინც არიან ისინი.

ახლა გვყავს სამი ბანკი, რომლებიც დავასანქცირეთ: ეგვიპტის მეორე უმსხვილესი ბანკის დუბაის ფილიალი, რომელმაც რეჟიმის სასარგებლოდ მილიარდ 800 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა, დაიხურება. იგივე ეხება თურქეთის დაახლოებით 30-ე უმსხვილეს ბანკს - ისიც დაიხურება. რუსეთის მეორე უმსხვილესი ბანკის საგარეო ფილიალებიც იმავეს აკეთებდნენ და ეს ფილიალებიც იხურება“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

20 სექტემბერს ირანის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, თითქოს აშშ მზად იყო სამხედრო ოპერაციის განახლებისთვის რეგიონულ მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად. მაშინვე თეირანმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვებოდა „შეუზღუდავი“ საპასუხო მოქმედებები.

პარალელურად, მზარდი გეოპოლიტიკური საფრთხეებისა და მიმდინარე ომების ფონზე, მსოფლიო ლიდერები კვლავ ნიუ-იორკში შეიკრიბნენ გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საკითხებსა და ჰორმუზის სრუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მწვავე ენერგოკრიზისს იწვევს, შეხვედრა გამართეს თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

დაკავშირებული ამბები
ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, თუმცა კონკრეტული დათქმებით თეირანში 2 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს