მთავარისაქართველოლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების დაცემასა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ევრონიუს ჯორჯიასთან ეკონომისტები საუბრობენ. ისინი ამ ამბავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებენ.

ეკონომისტი დავით რევიშვილი განმარტავს, რომ აქციების ფასის კლება ნიშნავს ამ აქციებში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების გაზრდას და როგორც წესი, აქციების ფასის კლებას სწორედ მოლოდინები განაპირობებს და არა ის ვითარება, რომელიც შესაძლოა იყოს კონკრეტულ ქვეყანაში დღეს.

“აქციის ფასი იცვლება გამომდინარე არა დღევანდელი ვითარებიდან, არამედ მოლოდინებიდან. დღევანდელი კლება არ ნიშნავს, რომ საქართველოში პირობითად სიტუაცია გაუარესდა, უხეშად რომ ვთქვათ 15%-ით, ანუ იმ პროცენტით, რა პროცენტითაც დაეცა ფასი… არამედ, ეს ნიშნავს, რომ მკვეთრად გაუარესდა მოლოდინები მომავლის მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მომავალში მოხდეს დამატებითი შეფერხება ეკონომიკაში, ან თუნდაც, გამძაფრდეს და გამწვავდეს პოლიტიკური სიტუაცია”, ამბობს ეკონომისტი ვასილ რევიშვილი და ასევე აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორები ათმაგად უფრო ფრთხილები ხდებიან ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისას.

საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურების პარალელურად ასევე ევროსა და დოლართან მიმართებით გაუფასურდა ლარიც. ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით ლარი ევროსთან მიმართებაში თითქმის 6 თეთრით, ხოლო დოლართან მიმართებაში თითქმის 5 თეთრითაა გაუფასურებული. ამ ამბავს, ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში ეკონომისტი დავით კიკვიძე აფასებს. ის ამბობს, რომ არასტაბილურობა პირდაპირპროპორციულად ისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.

„როგორც კი ქვეყანაში არასტაბილურობაა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თუ სოციალური, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნის ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა იკარგება, რაც აღნიშნულ ვალუტას ხდის პოტენციურად არამყარს და მის მიმართ ნდობა ნაკლებადაა შესაძლებელი. ინვესტორებიც და მომხმარებლებიც ცდილობენ, ეს არასტაბილური და არამყარი ვალუტა შეცვალონ, ანუ გადაიტანონ თავისი აქტივები უფრო მყარ და ძლიერ ვალუტაში და ჩვენ შემთხვევაში ეს არის დოლარი და ევრო”,  აცხადებს დავით კიკვიძე.

დღეს, 15 მაისს, დილიდან Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში რამდენჯერმე გაიზარდა. 15:00 საათის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7250 ლარამდე ავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ, 14 მაისს, 2.6866 ლარი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend