ევროპა ცდილობს გაზარდოს ლითონების შიდა მოპოვება. ევროკავშირის მიერ დასახული მიზნები რომ შესრულდეს, ჩრდილოეთ შვედეთში მდებარე მაღაროებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მაღაროების მუშაობა უკვე აწყდება ადგილობრივი თემების წინააღმდეგობას, რაც იმის ნიშანია, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე წარმოიშვას.
ევროპაში ყველაზე დიდი სპილენძის მაღარო შვედეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. სპილენძი და კიდევ ნედლეულის 33 სხვა სახეობა ევროპის ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონედ ითვლება.
სწორედ ამიტომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ხელისუფლება მთელ ევრობლოკში ხელს შეუწყობს მოპოვებით პროექტებს საკუთარ ტერიტორიაზე.
აქ იმიტომ მოვედი, რომ საკუთარი თვალით მენახა, თუ რა შედეგი მოაქვს ასეთ პროექტს როგორც სამთამადნო ინდუსტრიისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ზოგადად ევროპის მომავლისთვის.
„ჩვენ წელიწადში 45 მილიონ ტონა მადანს ვაწარმოებთ, რომელსაც შემდეგ შვედეთის სამხრეთისკენ ვაგზავნით, სადაც ვამუშავებთ და ვაწვდით მომხმარებელს,“ – კლას ნილსონი, კომპანია Boliden-ის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ყველაფრის ელექტრიფიკაცია მიმდინარეობს და ამ ყველაფერს სპილენძი დასჭირდება. ამიტომ მოთხოვნა სპილენძზე სულ უფრო მოიმატებს. დღეს ევროპაში სპილენძის წარმოება საკმაოდ სუსტია. ძალიან ვართ დამოკიდებული სხვა კონტინენტებზე. უნდა გავაფართოოთ წარმოება და სპილენძის ახალი საბადოების ათვისება უნდა დავიწყოთ.“
ადამიანი სპილენძს რამდენიმე ათასი წელია მოიპოვებს, მაგრამ ახალ ენერგეტიკულ და ციფრულ პლატფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით ამ ლითონზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა, რადგან სპილენძი ელექტროენერგიის შესანიშნავი გამტარია. შვედეთში უკვე რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, რომელთა მიზანი ის არის, რომ 2040 წლისთვის სპილენძზე გაზრდილი მოთხოვნის 40 პროცენტი დააკმაყოფილონ.
კომპანია Boliden-მა უკვე დაიწყო საქმიანობის გაფართოება. წელს მადნის მოპოვება სპილენძის კიდევ ერთ საბადოზე დაიწყება, რომელიც მთავარი ღია კარიერის გვერდით მდებარეობს. ამ ახალი ღია კარიერის ახლომახლოს მცხოვრებ 100 ადამიანს, საკშიარვის ყოფილი მცხოვრების კატარინა სანდელინის მსგავსად, საცხოვრებლის შეცვლა მოუხდათ.
„ეს დავითის გოლიათის წინააღმდეგ ბრძოლას ჰგავდა. ჩვენ მცირე ქონების პატრონები ვცდილობდით დიდი კომპანიის წინააღმდეგ წასვლას, რომელსაც უზარმაზარი რესურსები აქვს. ვიცით, რომ მის მესვეურთ დიდი ფული აქვთ. და მაინც თავიდან მათი შემოთავაზება სამარცხვინო იყო,“ – ამბობს კატარინა.
ექვსწლიანი დაძაბული დავის შემდეგ კატარინამ ბოლოს და ბოლოს მოახერხა კომპანია Boliden-თან შეთანხმების მიღწევა და ახლა სახლში გადავიდა, რომელიც 30 კილომეტრით არის დაშორებული იმ სახლიდან, რომელშიც კატარინას ოჯახის ხუთმა თაობამ იცხოვრა.
„მატერიალური თვალსაზრისით, ჩვენი საცხოვრებელი პირობები ბევრად გაუმჯობესდა. სულ ახალი და ბევრად დიდი სახლი გვაქვს. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო, მაგრამ მაინც ვთვლი რომ წაგებაში ვართ, რადგან ჩვენი ძველი სოციალური გარემო მთლად დავკარგეთ. კარგ ადგილზე ვცხოვრობდით,“ – განმარტავს კატარინა.
კატარინასა და კომპანია Boliden-ის ამბავი აჩვენებს იმ პრობლემებს, რომლებიც ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის აქტის წინაშე დგას. ეს აქტი ევროპარლამენტმა 2023 წლის ბოლოს მიიღო. დღესდღეობით ითვლება, რომ სპილენძი, ლითიუმი, კობალტი – სულ 34 ლითონი და მინერალი კრიტიკული მნიშვნელობისაა ელექტრობატარეებისთვის, განახლებადი ენერგიის სისტემებისთვის და თანამედროვე იარაღისთვის. ამ აქტის მიზანია, რომ აღნიშნულ ნედლეულზე საოცრად გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ისე, რომ მოხდეს ერთი მხრივ იმპორტის დივერსიფიკაცია, ხოლო მეორე მხრივ გაიზარდოს მათი ევროკავშირში წარმოება და გადამუშავება, ამასთან უნდა დაჩქარდეს ევროპის მასშტაბით მოპოვებაზე ნებართვების გაცემა. ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის ნედლეულის წლიური მოხმარების სულ მცირე 10 პროცენტი თავად მოიპოვოს – ამჟამად ევროპული მოპოვება მხოლოდ 3 პროცენტია. ბრიუსელში მოღვაწე მეცნიერი თვლის, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა დაიწყო.
ვასილეიოს რიზოსი, CEPS -ის ენერგეტიკისა და რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„ეს ძალიან ამბიციური მიზანია და შესაძლოა მისი განხორციელება ძალიან რთული იყოს, მითუმეტეს თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ კვლევების უმეტესობის მიხედვით ახალი მაღაროს ამოქმედებას დაახლოებით 10-15 წელი სჭირდება.
ჩემი აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ბრიუსელი გამოაფხიზლა და ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ძირითადად სხვა ქვეყანასა თუ რეგიონზე ვართ დამოკიდებული ნედლეულის მოწოდების მხრივ, რაც შესაძლოა ევროპის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.“
ახალი გეოლოგიური კვლევების შედეგად შესაძლოა ევროპაში კიდევ უფრო მეტი საბადო გამოვლინდეს, მაგრამ დიდი ალბათობით თითოეულ მათგანის ამოქმედებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობასაც უნდა ველოდოთ.
ვასილეიოს რიზოსი, CEPS -ის ენერგეტიკისა და რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„მე სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ ადგილობრივები წინააღმდეგობას გაუწევენ ახალი მაღაროს გახსნას. მოპოვებით სამუშაოების გავლენა გარემოზე დიდწილად არის დამოკიდებული ადგილობრივ გეოგრაფიულ მონაცემებზე – მაგალითად, რამდენად უხვია მაღაროს მახლობლად წყლის რესურსები, ან რამდენად ახლოს მდებარეობს ტყე ან ისეთი ადგილი, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა ნედლეულის მოპოვება აისახება ბუნებაზე და ჩვენ ეს ვიცით.
მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი, როგორც მომხმარებლის, ქცევა არ შეცვლილა. პირიქით, თუ ნედლეულზე მოთხოვნას დააკვირდები, ბოლო წლებში ეს ტენდნეცია გაიზარდა კიდეც. ამიტომ გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეთ.“
ჩრდილოეთ შვედეთში ცხოვრობს ჩრდილოეთის ირმების მომშენებელი ნიილა ინგა, რომელიც საამებს – ევროკავშირში მცხოვრებ ერთადერთ აბორიგენ ხალხს მიეკუთვნება. საამების მიწა, რომელიც ისტორიულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავდა, თანდათან დააქუცმაცეს სამთამადნო საქმიანობის, ხე-ტყის დამზადების, ქალაქების გაშენებისა და სატრანსპორტო გზების გაყვანის გამო.
ირმების მომშენებლები, მათ შორის ნიილაც, შიშობენ, რომ ინდუსტრია მხოლოდ მათი არსებობისთვის აუცილებელ საქმიანობას კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ მთლიანად საამის კულტურას.
„ჩვენი ირმების ჯოგის მიგრაციისთვის აუცილებელი გზები თანდათან შეგვიმოკლეს და შეგვიცვალეს. ასე შვედეთში მცხოვრებ აბორიგენ მოსახლეობას კლავთ. მართალია პირდაპირ არ ესვრით მათ, მაგრამ ტრადიციული ცხოვრების წესის გაგრძელების საშუალებას უსპობთ,“ – ამბობს ნიილა.
ერთი მომპოვებელი სახელმწიფო კომპანია LKAB-ი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ამ რეგიონის ლანდშაფტსა და ისტორიაზე. ეს კომპანია მე-19 საუკუნის ბოლოდან ამუშავებს ქალაქ კირუნაში მდებარე რკინის საბადოს, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. თუმცა კირუნის შემოგარენში ერთი ახალი საბადოს აღმოჩენის შემდეგ შვედეთი ევროპაში ნედლეულის მოპოვების ციებ-ცხელების შუაგულში მოქეცა.
იშვიათმიწა ელემენტები იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნიკალური თვისებების მქონე ლითონების ქვე-ჯგუფია, რომლებიც მსოფლიოში მრავალ ადგილას მოიპოვება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.
დღესდღეობით ამ ლითონების ბაზარზე ჩინეთი უპირობო ლიდერია და ევროპის მოთხოვნას იშვიათმიწა ელემენტებზე თითქმის 100 პროცენტით სწორედ ჩინეთი აკმაყოფილებს.
ება ბუში, შვედეთის ენერგეტიკის მინისტრი:
„ ევროკავშირი ამ ნედლეულით მეტისმეტად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. ახლა კი ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს ევროპას, რომ მწვანე პლატფორმაზე გადასვლის კუთხით პირველობა არავის დაუთმოს. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად ატმოსფეროში ნახშირბადის გამონაბოლქვის მოცულობაც შევამციროთ და თან კონკურენტუნარიანობაც ავიმაღლოთ.“
თუმცა ეს არგუმენტი კირუნაში ყველას არ ხიბლავს. კარინი, ადგილობრივი საამი, ეჭვობს, რომ კომპანია LKAB-ი ე.წ. მწვანე ტრანსფორმაციის საბაბით საამების მიწის მიტაცებას ცდილობს.
„ეს მწვანე კოლონიალიზმია! ისინი ეკოლოგიის საბაბით მიწებს იტაცებენ. ეს რკინის საბადოა. გამოდის რომ ეს კიდევ ერთი დიდი მაღარო იქნება, რომლის ამოქმედებაც კომპანია ელ-ქეი-ეი-ბის LKAB სურს. ახლა ასეთ საქმიანობას მწვანედ თვლიან,“ – ამბობს ადგილობრივი საამი კარინ კვარფორდტ ნიილა. „თანაც შვედეთი იქნება ევროპის კავშირის საბჭოს შემდეგი პრეზიდენტი ქვეყანა. ბუნებრივია, ეს სარეკლამო ხრიკია. თანაც ამ გზით ევროკავშირზე ზემოქმედება მოახდინეს, რათა იქ „კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის აქტი“ მიეღოთ.“
კომპანია LKAB-ში ინტერვიუზე უარი გვითხრეს. თუმცა კარინის აზრს გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ, რომლებიც წიაღისეულის მოპოვების ინდუსტრიას აკრიტიკებენ ლობირების კამპანიის გამო, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის მოპოვების პროექტების ბუნების დაცვაზე წინ დააყენებს ემსახურება.
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ევროკავშირის მოახლოებული არჩევნები, ნედლეული ევროპისთვის მაინც პრიორიტეტულ საკითხად დარჩება, რაც დიდი ალბათობით გაამწვავებს დაძაბულობას ენერგეტიკულ გარდაქმნასა და თვითმმართველობას, ასევე ადგილობრივი გარემოს დაცვის საკითხებს შორის.
ნიილა ინგა, ჩრდილოეთის ირმების ჯოგის პატრონი:
„თუ გვინდა, რომ ჩვენი პლანეტა შევცვალოთ და გადავარჩინოთ, ჩვენი ცხოვრების წესიც უნდა შევცვალოთ. ნამდვილად გვინდა ეს ყველაფერი რაც გვაქვს? რამდენად გვჭირდება ყოველ წელს ახალი მანქანა ან ახალი ტელეფონი? ჩვენ ჭარბი რაოდენობით მოვიხმართ ნივთებს და სწორედ ეს ანგრევს კლიმატს ყველაზე მეტად.“
საბოლოო ჯამში, კლიმატის კრიზისის ფონზე, ევროპას მოუწევს როგორმე დააზავოს მოწინააღმდეგე მხარეები, რადგან გამოდის, რომ ის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას მინერალებზე დამოკიდებულებით ანაცვლებს.
ავტორი: ბრაიან კარტერი