კატეგორიები

რუმინეთში, კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა

რუმინეთში, კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა
რუმინეთში, კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის, სავარაუდოდ, იმ უპილოტო აპარატების ტიპს მიეკუთვნება, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5 ივნისის დილას პორტის მიმდებარედ აღმოაჩინეს კიდევ რამდენიმე საზღვაო დრონი, რაზეც შესაბამის უწყებებს უკვე დაწყებული აქვთ საგამოძიებო პროცესი.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მათი აღმოჩენის მომენტში ქვეყნის სადაზვერვო სამსახურისა და სანაპირო დაცვის მიერ ტერიტორია, იზოლაციაში მოაქციეს:

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს ობიექტი არ მიეკუთვნება რუმინეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობას და არ გამოიყენებოდა ბოლო დროს, შავი ზღვის რეგიონში ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სწავლებებისას. ვითარება მუდმივად იცვლება და დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ მოვლენათა განვითარების შესაბამისად“.
 
მომხდარს გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანიც:

„მონტენეგროსკენ გზად შემოატყობინეს კონსტანცას პორტში საზღვაო დრონის აფეთქების შესახებ. სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთოხების სამსახურები მოქმედებდნენ ოპერატიულად და აფეთქებამდე რაიონიდან მოახერხეს მოსახლეობის ევაკუაცია.

ამჟამად არ გვაქვს ცნობები დაღუპულთა შესახებ. პრიორიტეტი იყო და კვლავ რჩება ადამიანთა სიცოცხლის დაცვა და საპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. ამჟამად მიმდინარეობს პორტში უპილოტო აპარატის მოხვედრის საკითხისა და დამატებითი რისკების გაანალიზება.

მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე მსხვილი ინციდენტია, რომელიც დაკავშირებულია რუმინულ სანაპირო ზოლის უსაფრთხოებასთან.

ჩვენს საზღვართან საომარი კონფლიქტის პირობებში აშკარაა, რომ ვითარება უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ასეთი განსაკუთრებით სერიოზული სიტუაციები არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის პირდაპირი შედეგი.

როგორც შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე ნატოს წევრი სახელმწიფო, განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას ჩვენი მოქალაქეებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“.

კონსტანცას პორტში მომხდარ შემთხვევას ერთი კვირით ადრე წინ უძღოდა ქალაქ გალაცში რუსული დრონის შეჭრა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულს შეეჯახა და აფეთქდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა.

ნატოს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში რუსული დრონის, ბუქარესტის თანახმად, „Geran 2“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის შემდეგ, რუმინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონსტანცაში მდებარე რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, საკონსულო კი დაიხურა.

დაკავშირებული ამბები
რუმინეთში, კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა