ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სამხრეთ ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბულია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩრდილოეთ ისრაელის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა. მისი თქმით, მთავრობა რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფის ერთგულია.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ისრაელისთვის დაგეგმილია ისეთივე მასშტაბის აღდგენა და გაძლიერება, როგორიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია. ის, რაც წარსულში ბევრს დაუჯერებლად ეჩვენებოდა, დღეს უკვე რეალობად იქცა.
„აქ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია: პირველი არის განვითარებისა და წინსვლის კომპონენტი. მეორე კი უსაფრთხოების, საფრთხეებისგან დისტანცირებისა და მათი პრევენციისა. რატომ? იმიტომ, რომ ეს აუცილებელი პირობაა. თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, ებრაელებისთვის, დრუზებისთვის, ჩერქეზებისა და მუსლიმებისთვის. ჩვენ ყველანი ერთ სივრცეში ვცხოვრობთ.
დაიმახსოვრეთ: რაც სამხრეთში ნახეთ, იგივე მოხდება ჩრდილოეთშიც. მაშინ ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველას სჯერა. აქაც ასე იქნება. ეს მხოლოდ დროისა და მტკიცე, რაციონალური პოლიტიკის საკითხია. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ ყველას მადლობა“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამავდროულად, ,,ჰეზბოლამ“ ისრაელსა და ლიბანის მთავრობას შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება უარყო და ისრაელის სამხედროების ლიბანის ტერიტორიიდან სრულად გაყვანა მოითხოვა.
ორგანიზაციის ლიდერის, ნაიმ ქასემის, განცხადებით, სამხრეთ ლიბანიდან „ჰეზბოლას“ მებრძოლების გასვლის მოთხოვნა მიუღებელია და კაპიტულაციას ნიშნავს.
შეთანხმება სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონების შექმნასა და „ჰეზბოლას“ შეიარაღებული დანაყოფების გაყვანას ითვალისწინებს, თუმცა დაჯგუფება აცხადებს, რომ ამ პირობებს არ დასთანხმდება.
