მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ და რუსეთმა ტყვეთა მორიგი ნაკადი გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეთა მორიგი ნაკადი გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ კვლავ გაცვალეს ტყვეები. უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეს უკვე ტყვეთა გაცვლის 50-ე რაუნდია.

კიევის ცნობით, გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არიან მარიუპოლის მცველები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე იმყოფებოდნენ. არიან ასევე ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ დონეცკის, ზაპარიჟიის, ლუჰანსკის, სუმის, ხარკივისა და ხერსონის მიმართულებებზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინაში დაბრუნდა 207 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი 195 გათავისუფლებული სამხედროს შესახებ იუწყებიან და აცხადებენ, რომ კიევსაც ზუსტად 195 ტყვე გადასცეს.

“კარგი ამბავი მაქვს, სწორედ ისეთი, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხანია ელის. დღეს კიდევ 207 უკრაინელი ტყვე დავიბრუნეთ, 180 რიგითი და სერჟანტი, ასევე 27 ოფიცერი. მათ ნახევარზე მეტი მარიუპოლის ბრძოლის ვეტერანია, არმიის, გვარდიისა და სასაზღვრო ძალების ჯარისკაცები. ეს ადამიანები ოჯახებსა და მშობლიურ სახლებს დაუბრუნდებიან. მიხარია, რომ ეს შესაძლებელი გახდა, ტყვეთა გაცვლის უკვე 50 რაუნდი შედგა და საერთო ჯამში ჩვენ 3 ათასზე მეტი გმირი დავაბრუნეთ ოჯახებში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ტყვეთა გაცვლას წინ უძღოდა ინციდენტი, როდესაც რუსული საჰაერო სატრანსპორტო ხომალდი “ილ 76” ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. კრემლში ამტკიცებენ, რომ საჰაერო ხომალდი უკრაინის არმიამ ჩამოაგდო, კიევში კი ამ ბრალდებას უარყოფენ.

ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრი, 23 იანვარი, 2024 წელი Copyright AP

რუსული წყაროების თანახმად, ჩამოგდებულ თვითმფრინავში 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა რამდენიმე რუს ჯარისკაცთან ერთად. ავიაკატასტროფის შედეგად ყველა დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend