მთავარიმსოფლიოNATO“მტკიცე მხარდამჭერი 2024“ - ნატოს 90 000 ჯარისკაცი აღმოსავლეთ ევროპაში

“მტკიცე მხარდამჭერი 2024“ – ნატოს 90 000 ჯარისკაცი აღმოსავლეთ ევროპაში

ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მანევრებს იწყებს.

ბრიუსელი და კრემლი კვლავ საპირისპირო სამხედრო ბანაკებში არიან.

დასავლური შეიარაღებით აღჭურვილი უკრაინელი ჯარისკაცი საბჭოთა დროშის ქვეშ მებრძოლ რუს ოკუპანტს არის დაპირისპირებული.

უკვე თითქმის 700 დღეა, რაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

უკრაინაში ფრონტის ხაზებზე მიმდინარე დაუნდობელი შეტაკებების ფონზე ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრების ჩატარებისთვის ემზადება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო პირის, ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, დემოკრატიული დასავლეთი ყველაზე წარმოუდგენელი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს.

ყველაზე მოულოდნელი სცენარისთვისაც კი მზად უნდა ვიყოთ. ისტორიის ამ ეტაპზე ყურადღების ცენტრში ჩვენი სამხედრო ეფექტიანობა უნდა მოექცეს. ნატოს სამხედრო საბრძოლო რელსებზე გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია, მაგრამ ნათელია რომ მომავალი 20 წელი რთული იქნება, მშვიდობა გარანტირებული არ გახლავთ და აუცილებელია შესაბამისად მომზადება”, – ამბობს რობ ბაუერი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი (მარჯვნივ) და კრისტოფერ კავოლი, ევროპაში ნატოს უმაღლესი სარდლობის მეთაური მედიაკონფერენციაზე ნატოს სათაო ოფისში, 18 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Virginia Maio

ნატოს სამხედრო მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი სამხედრო-საზღვაო ხომალდი, მათ შორის ავიამზიდები. 80-ზე მეტი სამხედრო საჰაერო ხომალდი, 1000-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, 130-ზე მეტი ტანკი და 500-ზე მეტი ჯავშანმანქანა. ამ რკინის მასასთან ერთად ნატო აღმოსავლეთ ევროპაში 90 ათას ჯარისკაცსაც გადაისვრის.

სამხედრო მანევრების მთავარი დანიშნულება პოლონეთის ტერიტორიაზე მტრის შეჭრის შემთხვევაში სწრაფი სამხედრო პასუხის გაცემის უზრუნველყოფაა.

„მტკიცე მხარდამჭერი 2024“ გაიმართება ბალტიისპირეთისა და გერმანიის ტერიტორიაზეც. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, ხოლო გერმანია განიხილება როგორც ლოგისტიკური ცენტრი, საიდანაც აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ჯარები მომარაგდებიან.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ნატოს მიერ სამხედრო მანევრების ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციული ხასიათის მატარებელი საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო ნაბიჯია.

ნატოს მიერ დაგეგმილი სამხედრო მანევრები რუსეთის ფედერაციისა და მოკავშირე სახელმწიფოს ბელარუსის ტერიტორიის სიახლოვეს წმინდა წყლის პროვოკაცია გახლავთ. ეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის სრული დეგრადაციის კიდევ ერთი მაგალითია, ამ ნაბიჯებს ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ”, – ამბობს მარია ზახაროვა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.

წელს ნატოს მიერ დაგეგმილი სამხედრო მანევრების მასშტაბის წვრთნები ბოლოს ჯერ კიდევ ცივი ომის მიმდინარეობისას, 1988 წელს, ჩაატარა ალიანსმა და მასში 125 ათასმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend