ჯანმოს უახლესი ანგარიშის მიხედვით, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მცირდება, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობისა, საფრთხე შეუქმნას ამ პროგრესს.
მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდ 250 მილიონი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს.
ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დირექტორის რიუდიგერ კრეხის თქმით, ეს ნიშნავს, რომ 19 მილიონი მწეველით ნაკლებია მსოფლიოში, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო. იგი დასძენს, რომ ეს მასშტაბური კლების პირველი შემთხვევაა.
სწორი მიმართულებისთვის ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის დანერგვა და არ დაუშვან, თამბაქოს ინდუსტრიამ ხელი შეუშალოს ამ ბრძოლას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ მაღალ ნიშნულზეა მწეველთა, განსაკუთრებით ქალების რაოდენობა.
უახლესი ანგარიშის მიხედვით, 13 -15 წლამდე ასაკის 37 მილიონამდე ბავშვი მოიხმარს თამბაქოს. ასევე ბევრ ქვეყანაში ელექტროსიგარეტის გამოყენების საგანგაშოდ მაღალი დონეა.
რიუდიგერ კრეხის თქმით, მასწავლებლები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთიდან, ატყობინებენ ჯანმოს, რომ გასული 3 წლის განმავლობაში მოზარდებში 150 პროცენტით არის გაზრდილი ელექტროსიგარეტის მოხმარება. ბავშვები გაკვეთილებზე 45 წუთსაც ვეღარ ჩერდებიან. მათ ერთი სული აქვთ, როდის გავლენ გარეთ სიგარეტის მოსაწევად.
ელექტროსიგარეტებისა და ე.წ. ვეიფების ყიდვა ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი. ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ წვდომა ამ პროდუქციაზე. ე.წ. ვეიფი კი, რომლითაც ადამიანები ცდილობენ, მოწევას დაანებონ თავი, სამკურნალო საშუალებად უნდა იყოს მიღებული.