ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საგანგაშო სტატისტიკაზე მიუთითებს - 2050 წლისთვის ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობა მკვეთრად, 66.7%-ით გაიზრდება, რისი ძირითადი მიზეზიც, სპეციალისტების პროგნოზით, იქნება გარემოს დაბინძურება და ეკოლოგიური პრობლემები.
ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჯანმომ ახლახან გამოაქვეყნა, ონკოპაციენტთა რიცხვი გეოგრაფიულად განსხვავებული იქნება და მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, აფრიკის კონტინენტსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე მოვა - განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, სადაც მოსახლეობის საშუალო სტატისტიკური შემოსავალი საკმაოდ დაბალია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ფინანსური არასტაბილურობა და შემოსავლების ნაკლებობა, როგორც ახლა, ისევე მომავალშიც, იქნება მკაფიოდ განსხვავებული სამედიცინო ხელმისაწვდომობის ინდიკატორი მდიდარ და ღარიბ სახელმწიფოებს შორის.
სპეციალისტების განმარტებით, კიბოს დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის მხრივ, მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი დეფიციტი საფრთხეს უქმნის დაავადების დროულ გამოვლენასა და მისი სტადიის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, სათანადო მკურნალობას აფერხებს.
ანგარიშის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში გვიანი სტადიის დიაგნოზი კვლავ ჩვეულებრივ მოვლენად რჩება, მათ შორის ისეთი სიმსივნეების შემთხვევაშიც, რომელთა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა შესაძლებელია.
კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანი უთანასწორობა შეინიშნება როგორც სხვადასხვა ქვეყანას შორის, ისე ერთი ქვეყნის შიგნითაც. ეს უთანასწორობა დაკავშირებულია განათლების დონესთან, საცხოვრებელ ადგილთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან, სქესთან, ასევე ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ასევე იმიგრანტის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეესუსის თქმით, „ადამიანის სიცოცხლე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამოკიდებული მის დაბადების ადგილსა თუ შემოსავლის დონეზე“.
საინტერესოა ისიც, რა ვითარებაა, ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკის მხრივ ამჟამად. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყოველ მეხუთე ადამიანს ცხოვრების განმავლობაში კიბოს განვითარების რისკი აქვს, მოსახლეობის 92%-ს კი ჰყავს, სულ მცირე, ერთი ონკოდაავადებული ახლო ნათესავი.
ამავდროულად, 2024 წელს გლობალურად აღირიცხა კიბოს 20 მილიონ 600 000 ახალი შემთხვევა და 9 მილიონ 700 000 გარდაცვალების ფაქტი, თუმცა ეს მონაცემები, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, რადგან კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სტატისტიკის აღრიცხვა რთულდება.
