კვირას, 14 იანვარს ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის ხელისუფლების თქმით, ქვეყანა ამისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ვულკანი მეორედ ამოიფრქვა და ლავამ საცხოვრებელ ადგილებამდეც მიაღწია. დამწვარია ერთი სახლი.
ლავამ ამოფრქვევა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. მანამდე კი რამდენიმე მცირე მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ხელისუფლებამ ქალაქ გრინდავიკიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ისლანდიის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა ვიდირ რეინისონმა განაცხადა, რომ მათ ლავის შესაკავებლად, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით ბარიერების აგება დეკემბერში დაიწეს.
„მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა, რადგან ვულკანური ნაპრალი გაიხსნა როგორც ბარიერების გარეთ, ისე შიგნით. შესაბამისად, ვულკანი ბარიერის შიგნითაც ამოიფრქვა. ლავის ძირითადი ნაკადი ბარიერების გარეთაა. ბარიერების წყალობით ბევრი სახლი გადაურჩა დაწვას. თუმცა, ახლა არ ვიცით, შიგნით ამოფრქვეული ლავა რამხელა მანძილს დაფარავს. ჩვენ დამატებით ბარიერებს ვაშენებთ და ლავის გაგრილებას ვცდილობთ, რომ ლავის მიმართულება ქალაქის მოშორებით შევცვალოთ. მთავარია, რომ ლავამ ქალაქის ნავსადგურამდე და ინდუსტრიულ ზონამდე არ მიაღწიოს”, – განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა, ვიდირ რეინისონმა.
ქალაქი გრინდავიკი, სადაც 3 800 ადამიანი ცხოვრობს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში არსებული სვარტსენგის ვულკანური სისტემა 780 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.
ისლანდიის პრემიერ- მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ მთავრობა ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის დახმარებას გააგრძელებს.
„ვულკანი ბარიერების შიგნით ამოიფრქვა. ეს უმძიმესი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ – გადავიხდით ხელფასებს, დავფარავთ საცხოვრებელ ხარჯებს. ამასთანავე, გავზრდით ძალისხმევას, რომ გრინდავიკის მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლის მოძიებაში დავეხმაროთ. ბევრ მათგანს ბინის პოვნა გაუჭირდა. მთავრობა ასევე იმსჯელებს, ქალაქში არსებული კომპანიების მხარდაჭერის გზებზე. რა თქმა უნდა, ისევ ავაშენებთ ბარიერებს, რომ ქალაქი უფრო დიდი ზარალისგან დავიცვათ“, – განაცხადა ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა.
ისლანდიაში საშუალოდ ოთხიდან ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება ვულკანის ამოფრქვევა.