ისლანდიამ ევროკავშირში გასაწევრებლად საჭირო მოლაპარაკებების განახლებაზე და, შესაბამისად, გაერთიანებაში გაწევრებაზე უარი თქვა.
საგანგებოდ გამართულ რეფერენდუმზე კენჭისყრაში მონაწილეთა თითქმის 53%-მა ბრიუსელთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა ბლოკში გაწევრების მომხრენი მხოლოდ 12 600-ით ნაკლები აღმოჩნდნენ.
ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, რეიკიავიკს ბრიუსელისთვის ზურგი არ შეუქცევია, როგორც ამას ზოგიერთი ევროსკეპტიკოსი უყურებს. ისლანდია ევროკავშირის მრავალი პრივილეგიით სარგებლობს, მათ შორის ერთიანი ბაზრითა და შენგენის ზონის წევრობით, ასევე ექსკლუზიური შეთანხმებებით.
კუნძულოვანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ მოქალაქეთა არჩევანსა და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს, ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ისედაც მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამ შედეგებს. ჩემთვის, ისევე როგორც მთავრობისთვის, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ხალხი კმაყოფილია ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმებით. ისინი კმაყოფილები არიან ევროკავშირთან არსებული ურთიერთობით.
ვიცი, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებმაც ამ არჩევნებში „არა“ თქვეს, სწორედ იმიტომ მოიქცა ასე, რომ ისინი ევროკავშირთან არსებული ურთიერთობით კმაყოფილები არიან. ამიტომ, ეს არის გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ.
ჩვენ გავაგრძელებთ შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობის გაძლიერებას ლიხტენშტეინსა და ნორვეგიასთან, ასევე ევროკავშირთან. და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მომავალში.
როდესაც რამდენიმე წლის წინ ამ საკითხს განვიხილავდით და გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეჩერდა, იმ დროს პარლამენტთან არც შეთანხმება და არც განხილვა არ ყოფილა.
ვფიქრობთ, ახლა მნიშვნელოვანია, შევაფასოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე არსებულ წინადადებასთან, ანუ განაცხადთან დაკავშირებით.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: ეს მთავრობა ამ მოწვევის პერიოდში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს აღარ გააგრძელებს.
ჩემი აზრით, ასეთი რეფერენდუმის ჩატარება ყოველ ერთ ან ორ წელიწადში შეუძლებელია - ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ასეთი პროცესის ხშირად გამეორება არ შეიძლება.
არ ვიტყვი, რომ მომავალში არაფერი შეიცვლება, მაგრამ ჩვენი დაპირება იყო, რომ რეფერენდუმს ჩავატარებდით, მივიღებდით ხალხის გადაწყვეტილებას და მას პატივს ვცემდით.
ეს მთავრობა გააგრძელებს ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას, თუმცა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს აღარ გავაგრძელებთ“, - განაცხადა ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტრუნ ფროსტადოტირმა.
ისლანდიელი ხალხის არჩევანის პატივისცემა დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, რეიკიავიკი ბრიუსელის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო მოკავშირედ რჩება და ამას რეფერენდუმზე დაფიქსირებული შედეგები არ შეცვლის.
ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ისლანდიამ 2009 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყნის ფინანსური პარამეტრები, ფაქტობრივად, სრულად ჩამოშალა.
მხარეთა შორის დიალოგი დადებითად მიმდინარეობდა და არც რეიკიავიკს გასჭირვებია ბრიუსელის პოლიტიკური ვალდებულებების შესრულება თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება, თუმცა 2013 წელს, ევროსკეპტიკურად განწყობილმა ხელისუფლებამ ამჯობინა, ისლანდია დარჩენილიყო ევროგაერთიანების მიღმა, თუმცა შეენარჩუნებინა როგორც კავშირები, ისე ურთიერთსასარგებლო შეთანხმებები ბლოკთან.
ჩრდილოევროპული ქვეყნის ეკონომიკა, ისევე როგორც ექსპორტის თითქმის 40% საზღვაო მრეწველობასა და თევზჭერაზეა დამოკიდებული.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტორის გამო შიშობდა და მიიჩნევდა, რომ ბლოკში გაწევრებით რეიკიავიკი დაექვემდებარებოდა ბრიუსელის თევზჭერის პოლიტიკას და დაკარგავდა კონტროლს საკუთარ საზღვაო რესურსებზე.
მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის შედეგები ეკონომიკურმა ფაქტორმა გადაწონა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა უსაფრთხოების საკითხებიც.
ისლანდია NATO-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფოა, თუმცა საკუთარი ჯარი არ ჰყავს და უსაფრთხოების მიმართულებით სრულადაა დამოკიდებული ალიანსის მოკავშირეებსა და შეერთებულ შტატებთან 1951 წელს გაფორმებულ თავდაცვით შეთანხმებაზე.
ეს უკანასკნელი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ და მისმა ხისტმა განცხადებებმა როგორც გრენლანდიის თაობაზე, ისე NATO-ში ვაშინგტონის კონტრიბუციის შესაძლო შემცირების შესახებ.
ისლანდიის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მოსკოვის გააქტიურებას მიიჩნევს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ.
მიმდინარე წლის ივნისში რეიკიავიკმა განაცხადა, რომ ამ მონაკვეთზე შეიმჩნეოდა რუსული სადაზვერვო ხომალდების გახშირებული გადაადგილება.
