1620-1630-იანი წლებით დათარიღებული ბალდახინის კონსერვაციისა და რესტავრაციის პროექტი, რომელიც ძირითადად მტვრისა და ჭუჭყისგან სისტემატურ გაწმენდას გულისხმობს, ერთი წელი გაგრძელდება და დაახლოებით 700 000-ი ევრო დაიხარჯება.
ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკის მონუმენტური ბალდახინის რესტავრაციას იწყებენ. რესტავრაციის პროცესი, რომელიც ერთი წელი გაგრძელდება, დაახლოებით 700 000 ევრო ჯდება. 250 წლის განმავლობაში 10-სართულიანი სიმაღლის ბალდახინს რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოები პირველად ჩაუტარდება.
1620-1630-იანი წლებით დათარიღებული ბალდახინი გამორჩეულია მაღალი ხარისხის ნამუშევრითა და იმით, რომ გამოყენებულია სხვადასხვა მასალა, როგორებიცაა მარმარილო, ბრინჯაო, ხე, ოქრო და რკინა. მის შექმნაზე მრავალი მხატვარი და ხელოსანი მუშაობდა, მათ შორის იყო რენესანსის ეპოქის ცნობილი არქიტექტორი ფრანჩესკო ბორომინი.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ხელოვნებისა და ისტორიის გიგანტთან. თუმცა თავად ბალდახინის ზომაც მასშტაბურია. ვიაზრებთ რომ რაღაც დიდის, უზომოდ მნიშვნელოვანის წინაშე ვდგავართ. ბალდახინი ხომ ათსართულიანი სახლის სიმაღლისაა,” – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, პიეტრო ზანდერი.
რესტავრაცია ძირითადად მტვრისა და ჭუჭყისგან სისტემატურ გაწმენდას გულისხმობს. კარდინალ მაურო გამბეტის ინფორმაციით, სარესტავრაციო სამუშაოები ლიტურგიის ჩატარებას ხელს არ შეუშლის და წირვა-ლოცვა მთელი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ შესრულდება.