თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის მცურავი ნაღმებისგან გაწმენდას ითვალისწინებს. ზღვაში ნაღმების არსებობა პორტებს, საკომუნიკაციო ქსელებსა და წყლის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. უკრაინაში ომის დაწყებიდან 150-ზე მეტი ნაღმი აღმოჩნდა შავ ზღვაში.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა თქვა, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ნაღმსაწინააღმდეგო ზომების დადგენის მიმართულებით იმუშავებს.
„ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, ხელი მოვაწეროთ პროტოკოლს სამ ქვეყანას შორის, რათა უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ შავ ზღვაში ნაღმების საშიშროების წინააღმდეგ, მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით.“-ამბობს იასარ გიულერი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია შავ ზღვაში არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური შედეგების მქონე პრობლემაა.
,,უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში 6 საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. მისია ძალიან მძიმე და საშიში იყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ნაღმების განადგურებაში მონაწილეობა მიიღო.’’-ამბობს დიანა სობარუ, ევრონიუსი.
შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც გასულ კვირას ანკარამ უარი თქვა ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გემის შავ ზღვაში შესვლაზე.
ომის დაწყებისას, 2022 წლის თებერვალში, თურქეთმა აამოქმედა 1936 წლის მონტრეს კონვენცია, რათა დაბლოკოს რუსული ან უკრაინული გემების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ნაღმების ღია ზღვაში გაბნევაში ადანაშაულებენ. თურქეთი თავდაცვის მინისტრმა განაცხდა, რომ მონტრეს კონვენციის ამოქმედება მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
საზღვაო ნაღმები საფრთხეს უქმნის უკრაინის საექსპორტო მარშრუტებს. ნაღმებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე გემი შეეჯახა.
ინიციატივა მიზნად ისახავს საექსპორტო გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.