ევროკავშირი არ მოერიდება რუსული ნავთობტანკერებისთვის საზღვაო მომსახურებაზე სრული აკრძალვის დაწესებას, თუ დიდი შვიდეულის ქვეყნები ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
განცხადება, რომელიც ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკიმ გააკეთა, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბრიუსელის მიდგომაში — მანამდე მსგავსი ზომების მიღება მხოლოდ დიდი შვიდეულის გადაწყვეტილების შემდეგ განიხილებოდა.
ვალდის დომბროვსკი — ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში:
„ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ წინაპირობას, თუმცა რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება — დიდი შვიდეულის დონეზე — მით უკეთესი. მაგრამ თუ უფრო ფართო შეთანხმება ვერ მოხერხდა, ჩვენ არ მოვერიდებით ევროკავშირის დონეზე ნაბიჯების გადადგმას,“ — განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკიმ.
თუ საზღვაო მომსახურებაზე სრული აკრძალვა მართლაც ამოქმედდა, ევროკავშირის მასშტაბით და ბრიუსელის იურისდიქციის ფარგლებში ავტომატურად გაუქმდება რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზღვარი, რომელიც დიდმა შვიდეულმა 2022 წელს დააწესა. ეს იმიტომ, რომ ბლოკში მოქმედ ყველა ევროპულ კომპანიას აეკრძალება რუსული ტანკერების მომსახურება, მიუხედავად იმ ფასისა, რომელიც ურალის ტიპის რუსულ ნავთობზე იყო განსაზღვრული. მანამდე ზღვარი ბარელზე 44.10 დოლარს შეადგენდა.
ჯერ უცნობია, დიდ შვიდეულში რამდენ ქვეყანას აქვს მსგავსი ზომების მიღებისა და რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრის გაუქმების პოლიტიკური ნება. თუმცა ევროკავშირი ამ მიმართულებით პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს. ამავდროულად, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციური პაკეტის მიღებაზეა ფოკუსირებული, რომლის დამტკიცებაც 24 თებერვლისთვის — ომის ოთხი წლისთავისთვის — სურთ. ბლოკში ასევე საუბრობენ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც უკრაინაში ევროპიდან გაიგზავნება.
„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის საომარ ეკონომიკაზე ზეწოლას. ევროკომისიამ წარადგინა მე-20 სანქციური პაკეტი, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ სერვისებსა და ვაჭრობას შეეხება. მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად დაუჭირონ მას მხარი. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში უკვე მეხუთე წლის ათვლას იწყებს. რუსეთი ზამთარში აგრძელებს სასტიკ იერიშებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, შესაბამისად, ხელშესახებად უნდა გავზარდოთ დახმარება. მე წარვადგინე განახლებული პაკეტი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის შესახებ. ახალი პროგრამა IMF-ის მოახლოებულ შეხვედრაზეც განიხილება. დრო არ იცდის, ამიტომ საკანონმდებლო პროცესები მომდევნო კვირისთვის უნდა დავასრულოთ“, — აღნიშნა დომბროვსკიმ.
ბრიუსელის განცხადებაზე ჯერ არ უპასუხიათ დიდი შვიდეულის ქვეყნებს. თუმცა საკითხმა კითხვები თავად ევროკავშირშიც გააჩინა — მაგალითად, საბერძნეთის მხრიდან, რაც შესაძლოა სხვა საზღვაო ქვეყნებმაც გაიზიარონ. ეს კი ნიშნავს, რომ საკითხი შიდა დისკუსიების საგანი გახდება.

