მთავარიევროპაპოლონეთიგრძელდება დაპირისპირება პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში

გრძელდება დაპირისპირება პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში

პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ აპროტესტებენ ქვეყნის ახალი მთავრობის მიერ დაწყებულ ცვლილებებს

პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. მედიასაშუალების ძველი გუნდი პოზიციებს არ თმობს და ახალი მთავრობის ინიციატივით ეროვნულ მედიაში დაწყებულ ცვლილებებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. ცვლილებების კანონთან შესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს პოლონეთში მოქმედი სამოქალაქო სექტორის ნაწილიც.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლონელი ხალხისა და ევროპისთვისაც, რომ კარგად დაინახონ ეს პროცესი. ტუსკს არ აქვს ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერა იმ ავტორიტარულ მეთოდებსა და ქმედებებზე, რომლებსაც ის ქვეყანაში ნერგავს“, – ეუბნება ევრონიუსს პოლონეთის სეიმის დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ წარმომადგენელი, არკადიუშ მულარჩიკი.

ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჭირო იყო პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი ცვლილებები და არხის სარედაქციო პოლიტიკის გადახედვა, თუმცა მიუხედავად ამისა, დაწყებულმა ცვლილებებმა გააჩინა ეჭვი ამ ცვლილებების შესაბამისობაზე ქვეყნის კანონმდებლობასთან.

„ბოლო წლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი უპრეცედენტო მასშტაბით გახდა მმართველი პარტიის რუპორი და ამას ნამდვილად სჭირდებოდა ცვლილებები. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებების კანონიერება. პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული მედიის ხელმძღვანელს რომელიმე მინისტრი ან პოლიტიკოსი არ უნდა ნიშნავდეს“, – ამბობს სიემაჟ ნოვიჩკი, ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდის გამგეობის ხელმძღვანელი.

მაუწყებლის ახალი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც მედიასაშუალებაში პოლონეთის ახალი მთავრობის ინიციატივით მივიდნენ, დებენ პირობას, რომ შექმნიან მედიას, რომელიც ჟურნალისტურ სტანდარტებს უპასუხებს. თუმცა ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესი ჯერ ისევ ძალიან რთულია რამდენიმე მიზეზის გამო. ესენია: სამართლებრივი ბარიერები, სატელევიზიო ინფრასტრუქტურაზე არასაკმარისი წვდომა და განხეთქილება მაუწყებლის ძველ გუნდთან.

„რა არის საჭირო – ნორმალური საინფორმაციო გადაცემის მომზადება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს უბრალოდ ობიექტური პროგრამა. პროგრამა, რომელიც აჩვენებს ყველა მხარის პოზიციას, და არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ ზოგიერთის კრიტიკაზე ან ქებაზე“, – ეუბნება ევრონიუსს გჟეგორზ საიორი, სატელევიზიო საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი.

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მხარდამჭერები ვარშავაში აპროტესტებენ ცვლილებებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ტუსკის მთავრობას სურს. ამ ყველაფრის ფონზე კი მაუწყებლის ნიუსრუმი კვლავ დახურულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend