პოლონეთის სამართალდამცავი სტრუქტურები „ტერორიზმის“ მუხლით იძიებენ კრაკოვის ცენტრში 7 ნოემბერს მომხდარ სროლას, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, არანაკლებ 15 კი დაიჭრა.
დაღუპულთა შორის არიან ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
საავადმყოფოში გარდაიცვალა 24 წლის თავდამსხმელიც, რომელიც სამართალდამცველებმა შეიარაღებული წინააღმდეგობისას დაჭრეს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ის ავტომობილით სამხედრო ფორმაში გადაადგილდებოდა და კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ტურისტების თავშეყრის ადგილია, სატრანსპორტო საშუალებიდან გახსნა ცეცხლი გამვლელების მიმართულებით.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ მის სახლში მშობლებისა და დის ცხედრები აღმოაჩინა, რომლებსაც ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული. გამოძიება ამ ორ დანაშაუელბრივ ქმედებას ერთმანეთთან დაკავშირებულ ეპიზოდებად განიხილავს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ მის მამას კანონიერ საკუთრებაში ათზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. თავადაც იყო ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი...
ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სავოევოდოს გუბერნატორის ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზეა იმ ქვეყნების საკონსულო სამსახურებთან, რომელთა მოქალაქეებიც ამ შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ...“ - განაცხადა კშიშტოფ იან კლენჩარმა, მცირე პოლონეთის სავოევოდოს გუბერნატორმა.
პოლიციის ინფორმაციით, კრაკოვში სროლის მომწყობს თან ჰქონდა თვითდამტენი კარაბინი, რომლის კონსტრუქციაც AR-15-ის ტიპის იარაღის მსგავსია. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ფოტოებზე ასევე ჩანს ოპტიკური სამიზნე. მამაკაცს პისტოლეტიც ჰქონდა.
მის ავტომობილში პოლიციამ დიდი რაოდენობით სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
AR-15 აშშ-ში 1950-იან წლებში შეიქმნა. სწორედ ეს კონსტრუქცია დაედო საფუძვლად სამხედრო კარაბინ M16-ს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ძირითადი ცეცხლსასროლი იარაღი იყო. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა, მათ შორის, M4-ის კარაბინი, რომელიც დღემდე გამოიყენება.
ამ ტიპის იარაღი ასევე ფართოდ არის ხელმისაწვდომი აშშ-ის სამოქალაქო ბაზარზე.
კარაბინის სროლის ტემპი წუთში 700–900 გასროლას შეადგენს, ხოლო სროლის მანძილი დაახლოებით 500 მეტრია.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, თავდასხმის შესახებ შეტყობინებაზე პოლიციელებმა სროლიდან 3 წუთში მოახდინეს რეაგირება და დაიწყეს თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია. პოლონეთის შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის კოორდინირებულმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო ინციდენტის მასშტაბის შემცირებას და კიდევ უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილებას.
„ეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი რომ არ ჩარეულიყო ასე სწრაფად და თავგანწირვით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო.
მათ თან ჰქონდათ სამსახურებრივი პისტოლეტები და ზუსტად ისე გამოიყენეს, როგორც ასეთ ვითარებაში იყო საჭირო. ისინი დაუპირისპირდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ დამნაშავეს, რისთვისაც ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწიათ, თუმცა მრავალი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს.
პოლიციელები კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი კრაკოვის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობენ.
ერთ-ერთი მათგანი მედიკამენტოზური კომიდან უკვე გამოიყვანეს, ხოლო მეორე კვლავ კომაში იმყოფება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“ - განაცხადა კშიშტოფ იან კლენჩარმა, მცირე პოლონეთის სავოევოდოს გუბერნატორმა.
თავდასხმის დროს მოედანზე მდებარე მაღაზიებისა და რესტორნების თანამშრომლები მომხმარებლებთან ერთად შენობებში ჩაიკეტნენ და ბარიკადებით გადაკეტეს შესასვლელები.
კრაკოვის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ასევე ცეცხლი გაუხსნეს ტრამვაის, რომელიც ყველა წმინდანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
„სასტუმროს ნომერში ვერ შევდიოდით, რადგან კარი ჩაკეტილი იყო. პანიკაში ჩავვარდით. ავსტრალიიდან ჩამოვედით და პოლონეთი ძალიან უსაფრთხო ქვეყნად მიგვაჩნდა. დღესაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, მაგრამ იმ მომენტში უბრალოდ არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა და რას უნდა ველოდოთ. ვხედავდით, როგორ გარბოდნენ ადამიანები, გვესმოდა სროლისა და ვერტმფრენის ხმები.
დღეს, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გათვალისწინებით, თავს ძალიან დაცულად ვგრძნობთ. ალბათ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი პოლონეთია, უსაფრთხოების ასეთი მაღალი დონის გამო. როგორც ჩვენ გვესმის და როგორც მედიასა და სოციალურ ქსელებში ვნახეთ, მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია“, - ამბობს ტურისტი ავსტრალიიდან, ელიზაბეტ ბორჩეკი.
„სხვა ბერძნებს შევხვდით და მათ გვითხრეს, რომ სროლის ხმა გაიგონეს. აქ, პარკთან ახლოს ვცხოვრობთ. ამიტომ იქიდან გამოვედით და ამ მიმართულებით წამოვედით.
დავინახეთ, რომ ადგილზე უამრავი ავტომობილი იყო თავმოყრილი. ასევე დავინახეთ თავდამსხმელი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. შემდეგ კი ხუთი საათის განმავლობაში სახლში შესვლის უფლება არ მოგვცეს. ცოტა შეშინებულები ვართ. ეს პოლონეთში ჩვენი პირველი ვიზიტია. გვსმენია, რომ პოლონეთი უსაფრთხო ქვეყანაა“, - ამბობს ალექსანდროს მარონიტისი, ტურისტი საბერძნეთიდან.
კრაკოვის ცენტრში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულების პატივსაცემად, პოლონეთის ხელისუფლებამ 8 და 9 ნოემბერი გლოვის დღეებად გამოაცხადა. ვარშავა სამძიმრის წერილებს იღებს მთელი მსოფლიოდან.
მძიმე წუთებში პოლონელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატეს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს,
უკრაინის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და საქართველოს ლიდერებმა, ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.
