გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სამეურნეო ტექნიკისთვის საჭირო საწვავზე – დიზელზე საგადასახადო შეღავათის გაუქმებას უკავშირდება
ბერლინის ქუჩებში ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ათასზე მეტი ტრაქტორი განათავსეს. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრების გაზრდილი ხარჯის ფონზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს.
ფერმერ იენს შრაინიკეს თქმით, კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან ბიზნესსა და განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს დამატებით 5000 ევრომდე მოუწევთ გადახდა. ეს კი ძალიან მტკივნეულია განსაკუთრებით მცირე მოგების ფონზე. ამას ემატება გასული წლების განმავლობაში გაზრდილი ფასები, რაც უარყოფითად აისახა ფერმერებზე.
საზოგადოება აკრიტიკებს მთავრობას, რომელმაც 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული გეგმების შესახებ განაცხადა.
ფერმერი ბენი ჰეხტი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი შედეგი ექნება არა მხოლოდ მათზე, არამედ ყველა მომხმარებელზე, მისი თქმით, გაიზრდება ფასები საკვებზეც.
ფერმერები აცხადებენ, რომ მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ დიზელის საწვავზე მუშაობს. მათ ჯერჯერობით არ აქვთ შესაძლებლობა, ისინი ელექტრომანქანებით ჩაანაცვლონ.