გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო.
13-მა ქვეყანამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარადგინა და “დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა” მოითხოვა, ასევე, “მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება” და “ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა”.
თუმცა ეს რეზოლუცია არ გმობდა 7 ოქტომბერს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ,,ჰამასის“ მიერ ჩადენილ სისასტიკეებს.
სწორედ ამ მიზეზით ახსნა დიდმა ბრიტანეთმა რეზოლუციისთვის მხარის არ დაჭერა.
,,დღეს უშიშროების საბჭოს ისტორიაში სამწუხარო დღეა. ისინი, ვინც, ვერ ხედავენ რეალობას მალე მოუწევთ საზოგადოების მხრიდან ზეწოლაზე რეაგირება. ჩვენ არ დავთმობთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას. ჩვენ გავაგრძელებთ უშიშროების საბჭოს კარზე კაკუნს, მანამ, სანამ არ გაიღვიძებს“,- განაცხადა გაეროში პალესტინის ელჩმა რიად მანსურმა.
ამასთან, ნიუ-იორკში გაიმართა დემონსტრაცია, სადაც აქციის მონაწილეებმა აშშ-ის ხელისუფლებისგან ისრაელის დაფინანსებისა და სამხედრო დახმარების შეწყვეტა მოითხოვეს.