„გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტერორისტებად მოგვიხსენია. ტერორიზმის მსხვერპლები ჩვენ ვართ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. ეს გამოსვლა კი თავის მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იმით იყო, რომ უცხო ქვეყნის ლიდერი გენერალურ ასამბლეაზე მასპინძელ ქვეყანასთან ომის პირობებში საუბრობდა.
მასუდ ფეზეშქიანმა გამოსვლა იმ ბავშვების ფოტოებით ხელში დაიწყო, რომლებიც ომის პირველ დღეს სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლნენ.
„ჩვენ არასტაბილურობის წყარო და ისინი, ვინც ტერორიზმსა და დანაშაულს სჩადიან, მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველები არიან?“, - თქვა ირანის პრეზიდენტმა.
მან ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე უკანონო თავდასხმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირანი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას მხოლოდ თავდაცვის მიზნით ცდილობს.
მისი გამოსვლის დროს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ დარბაზი დატოვა.
„გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტერორისტებად მოგვიხსენია. ტერორიზმის მსხვერპლები ჩვენ ვართ. მე ვარ ირანიდან, რომლის პატივსაცემი უზენაესი ლიდერი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა თუ მიზეზის გარეშე მოკლეს. ირანიდან, სადაც მათ სკოლა დაბომბეს. ხედავთ ამ ბავშვებს? ეს ბავშვები ბომბების ქვეშ გაქრნენ, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ გამოყენებული იარაღით. ისინი უდანაშაულოები იყვნენ. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ ირანელი ხალხი ძალის წინაშე თავს არ დახრის და აგრესორებს თავიანთ ქმედებებს ანანებს. ტრამპმა და მათ, ვინც სხვების დაჩაგვრას ცდილობს, ეს უნდა გაიგონ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალისმიერ ენას არ მივიღებთ.
ირანი არ ეთანხმება იმას, რომ ბირთვული ცოდნა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ექსკლუზიური პრივილეგია იყოს. ირანი ბირთვულ იარაღს უსაფრთხოების წყაროდ არ მიიჩნევს, თუმცა არც მეცნიერების, მრეწველობისა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების უფლებაზე იტყვის უარს. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: არც ბირთვული იარაღი და არც ბირთვულ ცოდნის დაკარგვა.
ამ რეგიონში დამოუკიდებლად ვერავინ იქნება უსაფრთხოდ. ან ერთად შევქმნით უსაფრთხოებას, ან ერთად მოგვიწევს დაუცველობის ატანა“, – თქვა მასუდ ფეზეშქიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წარმომადგენლებმა მასუდ ფეზეშქიანის გამოსვლა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან საკუთარი თავის მსოფლიოს მსხვერპლად წარმოჩენა თვალთმაქცობა იყო.
„არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ირანს, ვინმეს ადამიანის უფლებებზე ან საერთაშორისო სისტემაზე ესაუბროს, როდესაც თავად სისტემატურად არღვევს მას“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატბის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს ფეზეშქიანის გამოსვლის შემდეგ.
