მთავარისაქართველოევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - სამოქალაქო საზოგადოება პროევროპულ მარშს გეგმავს

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – სამოქალაქო საზოგადოება პროევროპულ მარშს გეგმავს

ორ კვირაში საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. პოლიტიკურ წრეებში მოლოდინი პოზიტიურია. იქამდე კი სამოქალაქო საზოგადოება გეგმავს პროევროპულ მარშს, რომლის მიზანიცაა კიდევ ერთხელ გააგონოს ხმა საქართველომ ევროკავშირს.

“15 დეკემბერს ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან სტატუსის მინიჭების თაობაზე და გვინდა, ქართველი ხალხის ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროკავშირს. ამისთვის მოვაწყობთ მარშს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

„მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ დადებითი რეკომენდაცია, ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის იმიტომ, რომ დღესაც არსებობენ ევროკავშირის სახელმწიფოები, რომლებსაც შეკითხვები აქვთ, რამდენად მართებული იქნება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საზოგადოება გამორჩეულად ერთიანია ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების სვლის გზაზე“,  – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა გარკვეული დათქმებით. დათქმებს შორის უმეტესობა ისეთია, რომლებიც საქართველოს უკვე ჰქონდა, როდესაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები უნდა შეესრულებინა. თუმცა არის ახალი პუნქტებიც. მაგალითად, ის, რომ საქართველომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას უნდა დაუახლოოს.

„მალე დავაინიციირებთ ზოგიერთ საკითხს, რომელიც გაწერილია ამ სამუშაო გეგმაში საკანონმდებლო ცვლილების სახით. ამ პროცესში ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შეუძლია მონაწილეობა და დახმარება საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ, თუკი ვინმეს სურს კონსტრუქციული თანამონაწილეობა და სურს, რომ დაგვეხმაროს 9 რეკომენდაციის შესრულებაში, რა თქმა უნდა, მათთვის კარი ღიაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

იქამდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, დიდი გზა უნდა გაიაროს. თავდაპირველად უნდა შეასრულოს 9 ახალი დათქმა და დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც სტატუსი ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში მიიღეს და ახლა უკვე ევროკავშირთან დაახლოების შემდგომ, მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend