ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დახურავს რუსეთთან ყველა სასაზღვრო გასასვლელს, გარდა ერთისა, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობს.
ფინეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 23 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს. ჰელსინკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობს ფინეთის საზღვარზე მიგრანტების ჩასვლას.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფინეთი მზად არის მთლიანად დახუროს რუსეთთან საზღვრები.
“არის ნიშნები, რომ რუსეთი ხელს უწყობს ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლას, რაც ფინეთის შიდა საქმეებსა და ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენა ახდენს“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა სამშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ფინეთის საზღვართან შეკრებილი არიან მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან.
თვის დასაწყისიდან ფინეთში რუსეთის გავლით 600-ზე მეტი ადამიანი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტაციის გარეშე ჩავიდა.
ჰელსინკი მოსკოვს ადანაშაულებს, რომ ფინეთის ნატოში შესვლის საპასუხოდ რუსეთი სასოწარკვეთილ ლტოლვილებსა და მიგრანტებს იარაღად იყენებს. თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.