მთავარიევროპათურქეთიეკონომიკური კრიზისის ფონზე, თურქეთს ათასობით ახალგაზრდა ტოვებს

ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თურქეთს ათასობით ახალგაზრდა ტოვებს

თურქეთში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, ქვეყანას სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს. მათ შორისაა მასწავლებელი ჰუსეინ ბუიუკდაღი.
ჰუსეინს თურქეთი და თავისი სამსახური ძალიან უყვარს, თუმცა ინფლაციით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო, მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან წასვლა და გერმანიაში გადასვლა გადაწყვიტა. მათი თვიური შემოსავალი დაახლოებით 1,750 დოლარია, რაც სიღარიბის ოფიციალურ ზღვარს – 1,564 დოლარს, ოდნავ აღემატება.

„მე საჯარო მოხელე ვარ. თუ ლაპარაკისასა რამე შემეშალა მაგალითად, ჩემს მთავრობაზე რამე ცუდი ვთქვი, შეიძლება სამსახურიდან გამათავისუფლონ. გერმანიაში ან დასავლეთის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასე არ არის. იქ დაფასებული ადამიანი ხარ. თურქეთში კი დაფასებული არავინაა, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს მოღალატე გიწოდონ“, -წუხს ინგლისურის მასწავლებელი, ჰუსეინ ბუიუკდაღი.

84-მილიონიან ქვეყანაში გასულ თვეს წლიური ინფლაციის ოფიციალურმა მაჩვენებელმა 61% შეადგინა. თუმცა ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

თურქეთის სტატისტიკის ბიუროს, TurkStat-ის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანა 103,000-მა მოქალაქემ დატოვა, ეს მაჩვენებელი 2022 წელს 140,000-ამდე გაიზარდა

როგორც ცნობილია, ყველაზე ხშირად ქვეყნიდან 25-იდან 29 წლამდე ასაკის ადამიანები მიდიან.

„საზოგადოების ყველაზე განათლებული ფენის დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება და ევროპასა თუ დასავლეთში წასვლა სურს. ამის უფრო დეტალურად შესწავლა აუცილებელია. ეს ყველაფერი კი თურქეთში ტვინის გადინების ტენდენციის ზრდას იწვევს. მე არ მჯერა, რომ ეს მიგრაცია ახლო მომავალში შეჩერდება. ამისთვის საჭიროა, რომ თურქეთში პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს, მინიმალური დემოკრატიული პირობები შეიქმნას და ქვეყანაში მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს“,  – მიიჩნევს სოციოლოგი ბესიმ დელალოღლუ.

ტვინის გადინების პრობლემის საპირისპიროდ თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში დაბრუნების კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში მყოფ აკადემიკოსებს გრანტები და

თანამდებობები შესთავაზა. მთავრობის ინფორმაციით, ამ კამპანიის წყალობით თურქეთის 6,000 მოქალაქე დაბრუნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend