მთავარიევროპაპორტუგალიალისაბონში ისრაელელმა თემმა დაღუპული თანამოძმეების ხსოვნას პატივი მიაგო

ლისაბონში ისრაელელმა თემმა დაღუპული თანამოძმეების ხსოვნას პატივი მიაგო

სანთლები, სამგლოვიარო პლაკატები და სიამაყით აღმართული ისრაელის დროშები. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ადგილობრივებმა და ისრაელელებმა, ერთობლივი შეკრების ფარგლებში, ტერორისტების მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. შეკრებილთა განცხადებით, გული სტკივათ ამხელა მსხვერპლის გამო, თუმცა სიამაყით ამბობენ, რომ ისრაელი არასდროს დაეცემა და ბოროტებით შეიარაღებულ მტრებს, საკადრის პასუხს გასცემენ. ასეთი განწყობით არის ახალგაზრდა და-ძმა მირი და შლომი ჩავაები.

„როდესაც გავაცნობიერეთ, რომ ომი დაიწყო, ისრაელის დატოვება გადავწყვიტეთ. პორტუგალიაში მამაჩემი ცხოვრობს და მოქალაქეობის მიღებას ელოდება. მასთან ჩამოვედით. მჯერა, რომ ისრაელში მალე დაისადგურებს მშვიდობა და ჩვენ ბოროტებას დავამარცხებთ“, – ამბობს მირი ჩავაი.

პორტუგალიის დედაქალაქში მცხოვრები ისრაელელი ხალხის შეკრება, ლისაბონის ებრაული თემის ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციის პრეზიდენტი დავიდ ბოტელო ამბობს, რომ ებრაელ ხალხს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ახლა ერთიანობა და სოლიდარობა სჭირდება. შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა ადგილობრივი რაბინიც.

„ჩვენ ამაღამ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვიგლოვოთ ისრაელში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჩვენი თანამოძმეები. ეს არის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ველურებმა უმოწყალოდ ამოჟლიტეს. ამ ბარბაროსული აქტის მიუხედავად, ჩვენ, ებრაელი ხალხი ამაყად და ერთად ვდგავართ. ვიცით, რომ ბოროტების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და ეს ჩვენი გასაკეთებელია“, – თქვა დავით ბოტელომ.

ლისაბონის ქუჩებში შეკრებილები გლოვის გარდა ისრაელში მყოფ ნათესავებსა და მეგობრებზე დარდობენ. არ იციან როგორ და სად არიან მათი ახლობლები. ლისაბონის ებრაული თემის წარმომადგენლების განცხადებით, პორტუგალიაში მყოფი ებრაელებისთვის ასეთი თანაგრძნობისა და სოლიდარობის საღამოები მანამ გაიმართება, სანამ ისრაელში საბოლოოდ არ დაისადგურებს მშვიდობა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend