აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირე ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ილჰამ ალიევთან შესახვედრად ნახიჩევანში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები და გლობალური საკითხები განიხილეს.
ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ.
ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღელი სომხების ინტეგრაცია წარმატებით დასრულებდა.
„სომხურმა მხარემ მიიღო ჩვენი პირობები და აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა. ჩვენ ყარაბაღის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ, მათ შორის საწვავი, მედიკამენტები და საკვები. ნათელია, რომ ყარაბაღში მცხოვრები ადამიანები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, მათი რეინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში წარმატებული იქნება“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
თურქეთის პრეზიდენტმა კი ყურადღება გაამახვილა რეგიონის მომავალზე. მისი თქმით, აზერბაიჯანის „ტრიუმფმა“ რეგიონში სტაბილურობის შანსი გააჩინა.
„მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ველი, რომ სომხეთი მშვიდობის დამყარებას დასთანხმდება. მშვიდობის დამყარება ჩვენი ხალხების კეთილდღეობის საწინდარია“,- თქვა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.
ნახიჩევანში შეხვედრას სავარაუდოდ, დიდი სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ექსკლავია, რომელსაც სომხეთი, თურქეთი და ირანი ესაზღვრება. ბაქო მრავალი წელია ითხოვს სომხეთმა ზანგეზურის ანუ სომხურად სიუნიქის დერეფანი გახსნას – გზა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან პირდაპირ დააკავშირებს.
ორი პრეზიდენტის შეხვედრისას შედგა საუბარი იგდირ ნახიჩევანის გაზსადენის შესახებაც. ეს ახალი პროექტი ბაქოსა და ანკარას კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს.