მთავარისაქართველო"საფრანგეთი საქართველოს სანდო და კეთილგანწყობილი პარტნიორია"- საფრანგეთის ელჩი საქართველოში

“საფრანგეთი საქართველოს სანდო და კეთილგანწყობილი პარტნიორია”- საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით თბილისში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების დღე აღინიშნა. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. ცერემონია სიტყვით გამოსვლით გახსნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ. მან საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

“საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფრანგების გულში. 14 ივლისი წელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიის კონტექსტში იმართება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მაისში ბრატისლავაში განაცხადა- რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ეჭვქვეშ დაყენება 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით. იმ დროს ევროპელებმა ვერ შეძლეს საკმარისი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის საკითხში. ვილნიუსის სამიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა და უკრაინის გამარჯვება იქნება საქართველოსა და მთელი ევროპის გამარჯვება. დეკემბერში ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს ვადა მიუთითებს იმ გრძელი გზის შემდგომ ეტაპზე, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაადგა. როგორც ჩვენმა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა კატრინ კოლონამ განაცხადა თბილისში ვიზიტისას საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში. ხოლო საფრანგეთი და ასევე მისი პარტნიორები მის გვერდით დგანან, რათა ეს მომავალი რეალობა გახდეს. საქართველომ მრავალჯერ დაადასტურა რეფორმირებისა და ევროპული პროექტის მამოძრავებელ წესებთან თანხვედრის უნარი. ვიმედოვნებ, რომ ქართული საზოგადოების მამოძრავებელი ძალები შეძლებენ, რომ აჩვენონ ერთიანობა, რადგან ევროინტეგრაცია რთული პროცესია, რომლის სარგებელიც უპირველეს ყოვლისა უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა.”- განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ.

ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, საფრანგეთს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და იმ მთავარ ღირებულებებზე, რომლებსაც იზიარებს საფრანგეთიც და საქართველოც.

“საფრანგეთი არის სანდო და გრძელვადიანი პარტნიორი საქართველოსთვის და ის მხარს გვიჭერს ევროპულ ოჯახში გაერთიანების საკითხში. ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანია მადლიერების გრძნობა. განსაკუთრებით გამოვყოფ პირველი რესპუბლიკის აღიარებას და დამოუკიდებელი საქართველოს შეფარებას ქალაქ ლევილში. ლევილის მამულში საქართველო 70 წელზე მეტი ცოცხლობდა იმ იმედით, რომ დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა. საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემა მადლიერების კიდევ ერთი მიზეზია. საქართველო აუცილებლად განავითარებს კულტურის ცენტრს, რომელიც გაიხსნება ლევილის მამულში და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კულტურულ და სამეცნიერო კავშირებს. მომავალ ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმებთ საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 31 წელს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა არის მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითი. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა უფრო მეტად განვითარდა და საქართველო, რომელიც მდებარეობს გზათა გასაყარზე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპისთვის. საქართველო აფასებს საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების გზაზე. მე მსურს, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და მოგილოცოთ დღევანდელი დღე და აღვნიშნო საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების შესახებ.”- ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

საფრანგეთს ბასტილიის აღების დღე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა. მისი განცხადებით, ეს დღე არის თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო, შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისაკენ ისწრაფვის.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend