სერბებთან გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს კოსოვოში ნატოს სამშვიდობო მისიის 25 წევრი დაშავდა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, დაეკავებინათ ზვეჩანის მუნიციპალური შენობა, რათა ხელი შეეშალათ ქალაქის ადმინისტრაციის მუშაობაში.
ადმინისტრაციას ახლა უმცირესობის წარმომადგენლები, ალბანელები, აკონტროლებენ. როგორც ცნობილია, სერბებმა ბოლო ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. დაშავებული სამხედროების უმეტესობა იტალიიდანაა. ამ ამბავს იტალიის პრემიერისგან, ჯორჯა მელონისგან, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.
ტვიტერზე დაწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალია მხარს უჭერს მშვიდობას ბალკანეთის რეგიონში. ჯორჯა მელონი აღნიშნავს, რომ ნატოს სამშვიდობო მისიის ჯარისკაცებზე თავდასხმა მიუღებელი და უპასუხისმგებლო ქმედებაა. იგი აფრთხილებს ყველას, რომ მომავალში მსგავს ქმედებებს აღარ დაუშვებს.
განცხადება გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმაც. მან დაიცვა სერბების პოზიცია და განაცხადა, რომ არეულობაში დამნაშავე კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტია. ვუჩიჩმა ღამე გაატარა სერბ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც კოსოვოს საზღვართან არიან განლაგებული. სერბეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი არ დაუშვებენ სერბი ხალხის ჩაგვრას.
შეტაკებების დროს ასევე დაშავდა 50-ამდე სერბი მშვიდობიანი მოქალაქე. კოსოვოსა და სერბეთს შორის იზრდება დაძაბულობა. როგორც ცნობილია, სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა. გასულ კვირას სერბეთის ჯარი განგაშისა და მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადავიდა.