მთავარიევროპაპოლონეთიუკრაინელები ლტოლვილები პოლონეთში

უკრაინელები ლტოლვილები პოლონეთში

გასული წლის განმავლობაში პოლონეთში 9.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ჩავიდა. მათგან თითქმის 8 მილიონი უკან დაბრუნდა. ისინი ძირითადად ბავშვები და ქალები არიან.

დარჩენილთაგან ორმა მესამედმა სამსახურის პოვნა შეძლო.  წლის განმავლობაში უკრაინელებმა პოლონეთში თითქმის 20 000 ახალი კომპანია დააარსეს. ასევე დაარსდა უკრაინული სკოლებიც.

ვარშავის უკრაინული სკოლის მასწავლებელი ნატალია როვიცკა ამბობს, რომ ბავშვებს უწევთ,  ისწავლონ პოლონურ ან სხვა სკოლებში ან დისტანციურად ჩაერთონ გაკვეთილებს უკრაინის სკოლებში. მისი თქმით პრობლემა ისაა, რომ პოლონურ სკოლებში ფიზიკურად ადგილები არ არის.

მარკი ვარშავის უკრაინული სკოლის მოსწავლეა. იგი კმაყოფილია, რომ სწავლას უკრაინულ ენაზე აგრძელებს. ეს კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც გეგმები ჯერ კიდევ  არ დაუსახავს.

მარკს პოლონურ სკოლაში სწავლა ურჩევნია. ახლა საფუძვლიანად სწავლობს ინგლისურს და მომავალში ინგლისში წასვლასაც გეგმავს. თუმცა უკვე ერთი წელია, რაც პოლონეთშია. შეიძლება, მალე უკრაინაშიც კი დაბრუნდეს. მისი თქმით, გეგმები ყოველდღიურად იცვლება.

ნატალია როვიცკა კი მადლობას უხდის პოლონელებს.  პოლონეთში რომ ჩამოვიდა,  უცნობმა ადამიანებმა თავიანთ ოჯახში მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი არაფერი მართებდათ. ნატალიას ესმის,  რომ უკრაინელებმა თავად უნდა გამოიმუშაონ ფული და ამიტომაც მუშაობენ. მათ გააზრებული აქვთ, რომ მომავალს სწორედ ბავშვები ქმნიან.

ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად უხვად გაცემული ჰუმანიტარული დახმარებისა, ბევრ უკრაინელს ჯერ კიდევ არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება.

მიგრაციის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი მარტა იაროშევიჩი ამბობს, რომ მიგრანტები მეტ-ნაკლებად ადაპტირებული არიან. თუმცა ახლა მთავარი პრობლემა  შრომით ბაზარზე წვდომა და სახლ-კარის ძიებაა. მარტა იაროშევიჩს მიაჩნია,  რომ უფრო გრძელვადიან სტრატეგიაზე ფიქრია საჭირო.

უკრაინის ომმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ლტოლვილთა მიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა გამოიწვია, რაც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა მეზობელი ქვეყნებისთვის. მხოლოდ პოლონეთში ამჟამად დაახლოებით 1,5 მილიონი უკრაინელია. ბევრ მათგანს გრძელვადიანი გეგმები არ დაუსახავს,  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დარჩენას აპირებს, თუმცა უმეტესობას მაინც სურს, მალე დაბრუნდეს სახლში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend