მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა, სადაც სასჯელის გადავადებას ან მის გათავისუფლებას განიხილავდნენ.

დღევანდელ სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად დაესწრო. მან სიტყვით მიმართა სასამართლოს და აჩვენა ის თუ რა მდგომარეობაში იმყოფება.

ასევე პროცესზე დაიკითხა დაცვის მხარის ოთხი მოწმე. მათ შორის ერთ-ერთი ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი ექიმი, თენგიზ წულაძე. ექიმების განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი წონის კლებას განაგრძობს, ამან შესაძლოა სასიკვდილო შედეგი გამოიწვიოს. სხდომაზე საუბარი იყო ასევე მიხეილ სააკაშვილის პარენტერალურად კვებაზე, რასთან დაკავშირებითაც მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ეეჭვება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ამ ტიპის კვების ოპტიმალური ვარიანტი არსებობდეს, თუმცა გეგმავს, რომ ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან განიხილოს. დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას კვირის ბოლომდე დაასრულებს. შემდეგი სასამართლო სხდომა კი 3 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია მოკლას მიხეილ სააკაშვილი. ამასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას გადასცეს ფოტოები, რომლებიც ასახავს იმას თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ყოველ დღე სახალხოდ აწამებენ. მთავარ მიზანს კი მისი მოკვლა წარმოადგენს.

ევროპარლამენტში კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები ჩაინიშნა. 2 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში, სადაც საბჭოსა და კომისიის განცხადებები გაკეთდება, სააკაშვილის საკითხის დამატების ინიციატივით პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა გამოვიდა, რასაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მალევე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ბრიფინგზე გააკეთა განცხადება. ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის მოთხოვნას და ამ ყველაფერს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად შექმნილი კამპანია უწოდა. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს პარენტერალურ კვებაზე.

“პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა.”

იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ეს ქმედება თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რაზეც პასუხისმგებელი თავად პატიმარია. ხოლო იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend