რუსული საოკუპაციო ძალები ე.წ. კამიკაძე დრონებით კვლავ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს. დედაქალაქში მოქალაქეები სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მიწისქვეშა გადასასვლელებს აფარებენ თავს.
უკრაინელი სამხედროები დრონების ნეიტრალიზებას ახერხებენ. თუმცა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი ადგება. საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ გმობს მოსკოვის ქმედებებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის იერიში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმები ტერორისტულ აქტად შეაფასა.
მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, რუსეთის მიზანია, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბავშვები, მოხუცები და ქალები ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვონ.
ევროკავშირში გეგმავენ, სანქციები დაუწესონ სამ ირანელ სამხედრო მეთაურსა და იმ კომპანიას, რომელიც დრონებს აწარმოებს. ევროკავშირის ლიდერებს არ სჯერათ ირანის განცხადებისა. ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ რუსეთს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონები მიაწოდა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურულ სხდომაზე რუსეთმა და ირანმა უარყვეს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ირანში წარმოებულ დრონებს იყენებენ.