ხარკივიდან 10 კილომეტრში დერჰაჩის კულტურის სახლს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, მაშველები ნანგრევებისგან ასუფთავებენ.
შენობაში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი იყო განთავსებული. უკრაინული კონტრშეტევებისა და ხარკივის გარშემო არაერთი სოფლის გათავისუფლების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან დაბომბვები მაინც გრძელდება.
“აზოვსტალის” ქარხნიდან უკრაინელი ჯარისკაცების გამოყვანა გუშინაც გაგრძელდა. გამოჩნდა რამდენიმე ავტობუსი, რომელსაც რუსული სამხედრო ტექნიკა აცილებდა. რუსული მხარე აცხადებს, რომ კიდევ 694 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა. რა ელით მათ, ჯერჯერობით გაურკვეველია.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება. მისი თქმით, უკრაინის ჯარსა და ყველას, ვინც ქვეყანას იცავს სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, რომ შესაბამისად იმოქმედონ. მან ასევე განმარტა, რომ ყველა ქალაქში, რომელიც რუსების მიერ დროებით ოკუპირებულია, უნდა იცოდნენ, რომ იქ უკრაინა დაბრუნდება.
კიევი ნელნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქალაქში ამერიკული დიპლომატიური მისიაც დაბრუნდა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად, ამერიკული დროშა კვლავ ამაყად იფრიალებს კიევში.