გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ორნახევარ მილიონამდე ადამიანმა, მათ შორის მილიონზე მეტმა ბავშვმა უკვე დატოვა უკრაინა. ლტოლვილთა მზარდი რაოდენობის ფონზე, დახმარების მსურველთა რაოდენობასთან ერთად იზრდება ტრეფიკინგის რისკებიც. სამართალდამცავები სოციალური ქსელების დახმარებით აფრთხილებენ ქალებსა და ბავშვებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და არ ენდონ ყველას, ვინც უფასო დახმარებას სთავაზობს.
„ბევრი სახიფათო წინადადებაა სხვადასხვა ადამიანისგან. შეიძლება შემოგვთავაზონ უფასო დახმარება, ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლა, ბინა, საკვები, სამედიცინო დახმარება უფასოდ, მაგრამ ეს შეიძლება ტყუილი იყოს. მითხრეს რომ მხოლოდ ოფიციალურ პირებთან უნდა ვიკონტაქტო“, – ამბობს ირინა პიპირენკო
მაგალითად, ვროცლავის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს 49 წლის ბრალდებული, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში ედება, პოლიციის ვერსიის მიხედვით ის თავს დაესხა 19 წლის უკრაინელ ლტოლვილს, რომელსაც დახმარება ინტერნეტით შესთავაზა.
„ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ყველას ვინც მოდის უკრაინიდან, განსაკუთრებით ქალებს და ახალგაზრდა გოგოებს, რომ მიიღონ რაღაც პრევენციული ზომები, მაგალითად ჰქონდეთ სრულად დამუხტული აკუმულატორები ან ყოველ ჯერზე დაიმახსოვრონ მანქანის ნომერი, რომლითაც გადაადგილდებიან“ – ამბობს რუმინეთის სუჩავას ოლქის პოლიციის მთავარი კომისარი იონუტ ეპურიანუ.
პოლონეთის საზღვართან საფრანგეთის ელიტური სამხედრო ძალების ყოფილი წევრები, მოხალისეობრივად იცავენ ლტოლვილების უსაფრთხოებას და ადამიანებით მოვაჭრეების გამოვლენას ცდილობენ.
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ შევეცადოთ ადამიანებს დავეხმაროთ მორალურად და იმედი მივცეთ. ასევე ვცდილობთ ყველას დავაკვირდეთ და გამოვავლინოთ ხომ არ არიან აქ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქალებით ვაჭრობას სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. ამ დილით სამი კაცი აღმოვაჩინეთ, რომლებიც ცდილობდნენ ქალთა ჯგუფის ფურგონში ჩასმას. ასი პროცენტით არ შემიძლია იმის თქმა , რომ მათი ხელში ჩაგდება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით სურდათ, მაგრამ როცა მათთან საუბარს შევეცადეთ ისინი განერვიულდნენ და მაშინვე წავიდნენ“, – ამბობს მოხალისე მორნეი
ევროპული კომისიის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიური გლობალური შემოსავალი მსგავსი დანაშაულებისას 32 მილიარდ დოლარს აღწევს. მასში ნათქვამია, რომ სექსუალური ექსპლუატაცია მიიჩნევა ადამიანით ვაჭრობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად. მსხვერპლთა საერთო რაოდენობის თითქმის სამი მეოთხედი ქალია, მათ შორის თითქმის ყოველი მეოთხე მსხვერპლი კი ბავშვი.