უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დაუყოვნებლივ კონსულტაციებისთვის გამოწვეულია უკრაინის ელჩი ყირგიზეთიდან, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლების გამო. დაუყოვნებლივ გამოწვეულია უკრაინის ელჩი საქართველოდან. იმ მოხალისეების უკრაინაში გამომგზავრების შეფერხების გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ. ასევე ამორალური პოზიციის გამო სანქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელჩის გაწვევა არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგას ცივილური სამყაროს გვერდით.
„ელჩის გაწვევა არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ეს ხელისუფლება არ დგას ცივილური სამყაროს გვერდით, ეს ხელისუფლება არ დგას საქართველოს მოქალაქეების გვერდით, იმიტომ, რომ ღარიბაშვილის არც ერთი განცხადება არ წარმოადგენს ამ ქვეყნის პოზიციას, მისი არც ერთ ნაბიჯი არ წარმოადგენს ამ ქვეყნის პოზიციას, პირიქით, ის დგას რუსეთის მხარეს და დღეს ეს უკვე პრეზიდენტ ზელენსკისგანაც გავიგეთ. ის დარწმუნდა, რომ საქართველო არ დგას უკრაინის გვერდით, სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო და იმის გამო, რომ მოხალისეებსაც კი უკეტავს გზას პრემიერი“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
„ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ყველანაირი შანსი, პერსპექტივაც კი მოკლას საქართველოსი, რომ დაუახლოვდეს და ინტეგრაცია მოხდეს ჩვენი ევროკავშირში. ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ ყველაზე დიდ მეგობარ ქვეყანასთან გაგვიფუჭდეს ურთიერთობა და ყველაფერი ეს არის ბატონი ღარიბაშვილის, სხვა მინისტრების, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების დამსახურება. მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიები ვახერხებთ, რომ ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებები გაკეთდეს, ჩანაწერები გაჩნდეს სხვადასხვა რეზოლუციაში, ჩვენ, ოპოზიციის მხრიდან თუ ამას ვახერხებთ, ამის საპირწონედ „ქართლი ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საერთოდ ეს პერსპექტივა მოკვდეს“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.
მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურთ, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინებული მოქმედების გამოხატულება. ამის იქით აქ მეტს არაფერს ვიტყვი. არის მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს, მე ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ „ნაციონალებს“ და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია. ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში, ეს რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ეკონომიკურ სანქციებზე საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მარტო, სხვა პოლიტიკური სუბიექტების და დელეგაციების წარმომადგენლების გარეშე. ამ ვითარებაში გაწვევა ელჩის მაშინ, როცა ჩვენი ელჩი იქ არის ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს და დიდი იმედი მაქვს ამ კონსულტაციების დროს გაეცემა ყველაფერს ამომწურავი პასუხი“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს ქალაქებში აქციები უკვე რამდენიმე დღეა, იმართება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ანა ალელიშვილი