მთავარისაქართველოადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2021 წლის არჩევნებში - შემაჯამებელი ანგარიში

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2021 წლის არჩევნებში – შემაჯამებელი ანგარიში

2021 წელს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების და ზეწოლის 17 შემთხვევა გამოიკვეთა – ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
4 მათგანის ინტერესებს სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა, თუმცა სასამართლოებს საქმეთა უმრავლესობა დღემდე არ განუხილავს.

„ვიღაცა პოლიტიკური ნიშნით იდევნება, მასზე ზეწოლას ახდენენ, ძალადობენ – ამ შემთხვევების სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება რჩება პრობლემად და ამ მხრივ არის სერიოზული პროგრესი საჭირო“, – აცხადებს ლევან ნატროშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ  საარჩევნო კომისიებმა მთლიანობაში 812 უბანზე გადათვალეს მონაცემები, რაც საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის დაახლოებით 22% იყო. მეორე ტურის შემდეგ კი 274 უბნის შედეგი გადაითვალა, რაც უბნების საერთო რაოდენობის 15% იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობაში აცხადებენ, რომ მონიტორებმა დაკვირვების პროცესში არაერთი ხარვეზი თუ შეგნებული დარღვევა გამოავლინეს.

„ჩვენ თუ შევხედავთ, მაგალითად, მეორე ტურის შედეგებს, როდესაც ვნახეთ, რომ ზოგიერთ ოლქში საკმაოდ მცირე იყო სხვაობა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის, იქ შეიძლება გადამწყვეტი გავლენაც ჰქონოდა რესურსების გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის“, – ამბობს ლევან ნატროშვილი.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კვლავ პრობლემური იყო საარჩევნო დავების განხილვა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კომისიები და სასამართლოები საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით არ იყვნენ დაინტერესებული და ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც დარღვევის ამსახველი ვიზუალური მტკიცებულება არსებობდა, ისინი არ იღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რამაც მთლიანად სისტემის პოლიტიზების მაღალი ხარისხი გამოკვეთა.

„პოლიტიზების მაღალი ხარისხი ვნებს რეალურად საჯარო სამსახურს დღეს საქართველოში და ამ მხრივაც აუცილებელია, რომ ამ ხალხს ძალა არ დაატანონ პარტიებმა, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიებში და აქ რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მმართველ პარტიას“ ,- ამბობს საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის  ანგარიში  ორი თვის წინ „სამართლიანმა არჩევნებმაც“ გამოაქვეყნა. მათაც მიაჩნიათ, რომ გამოვლენილ დარღვევებს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, შესაძლოა არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend