საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, სრულად იზიარებენ ოპოზიციურ წრეებში. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მაღალკვალიფიციური კონსილიუმის დასკვნაში ეჭვის შეტანა, მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობაა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ომბუდსმენის აპარატი ერთადერთი სანდო და მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოა, ამიტომ ხელისუფლებამ მის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, მათ ამის იმედი არ აქვთ.
„სახალხო დამცველის აპარატი, ერთადერთი სახელმწიფოა ინსტიტუტია, რომელსაც ვენდობით. შესაბამისად, არანაირი ეჭვი არ შეგვაქვს მათი ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნაში. მეორე საკითხია, რამდენად გაიზიარებს ამ დასკვნას ხელისუფლება, რომელიც გაჯიქებული და გაჯიუტებულია. პირდადა მე, ამის დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოებს, სასწრაფოდ მოხდეს ამ დასკვნის გაზიარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.
„ის, რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, „ფეიკია”! – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ოპონენტებისგან განსხვავებით მმართველ გუნდში არ ენდობიან გამოქვეყნებულ დასკვნას და ამბობენ, რომ ომბუდსმენის მიერ შექმნილ კონსილიუმს, პარტიულად მიკერძოებული ექიმები წარმოადგენენ. ასეთი პოლიტიკური შეფასების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატები გადაჭრით ვერ ამბობენ, რამდენად შეიძლებოდა ექიმებს თავიანთ სამედიცინო დაკვნაში, პარტიული ინტერესები გაეტარებინათ.
“წამოვიდგინოთ, რომ ამ “ფეიკდასკვნას” გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია – ამ შემთხვევაში, ეს მორიგი “ფეიკი” ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს. ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გაკეთდა, კონსილიუმის პოლიტიკური მიკერძოებულობის მარტივი დასტურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაიზიარებენ თუ არა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ომბუდსმენის ორგანიზებით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის სამედიცინო დასკვნას, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების მიუხედავად, ეს ჯერ უცნობია.
ალეკო გვეტაძე