მთავარისაქართველოოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

„ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის გარდა, პარლამენტის დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ანა წითლიძემ. ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ოპოზიციის ნაწილმა საპროტესტო აქციები დააანონსა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია შაბათს, 6 ნოემბერს დაიგეგმა.

იქამდე კი ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ საქართველოს რეგიონებშიც. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს აქციების გამართვის კონსტიტუციური უფლება აქვთ, თუმცა უკანონო ქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტები შესაბამისად იმოქმედებენ.

პერმანენტული აქციები და ამომრჩეველთა ხმების დაცვა – ასეთია ოპოზიციის გეგმები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მოუწევთ კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რათა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდნენ. მათივე თქმით, ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამიტომ საქართველოში აქციების გამართვა დაიგეგმა.

„უმრავლესობის ნება არ არის ასახული ხალხის ნებაზე, ეს არის ფაქტი. ჩვენ ვითხოვთ, რომ უმრავლესობის ნება იყოს ასახული ქვეყნის მმართველობაზე. ამისთვის შევიკრიბებით ბათუმსა და ქუთაისშიც, ზუგდიდშიც, გვექნება შეკრება თბილისშიც. ჩვენი პროტესტი იქნება მშვიდობიანი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.

„ოპოზიცია, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ ამოცანაში ვიქნებით ერთიანი, ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდება იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამას სჭირდება ჩვენი ხალხის პროტესტი შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გარედან. ამას სჭირდება კომპლექსური ღონისძიებები გატარება, რათა ეს ორი კომპონენტი იქნას მოპოვებული. მათ შორის, ოპოზიციას მოუწევს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციის აქციებს „ქართულ ოცნებაშიც“ ეხმაურებიან. ისინი სიმბოლურს უწოდებენ ოპოზიციის საპროტესტო აქციის თარიღად 7 ნოემბრის დასახლებას, რომელიც ოპოზიციამ უკვე გადათქვა და აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საზოგადოება ოპოზიციის სიჯიუტით დაიღალა.

„საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც არჩევნებს წააგებს და საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს მას, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან, აწყობენ დესტრუქციას და ა.შ. მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი. ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში და არავის სცალია იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანის ქუჩაში სირბილზე დახარჯოს რესურსი სახელმწიფომ. ამიტომ ამას არ აქვს არანაირი შედეგი“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს დამაზიანებელი ნარატივი პოლიტიკისა უკვე წელიწად-ნახევარი, გვესმის, ფაქტობრივად გამომდინარე აქედან, არანაირი სიახლე მათ მესიჯში არ არის“, – აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უკომპრომისო ბრძოლისთვის ემზადებიან. პარალელურად კი ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend